ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა, ასევე ევროკავშირიდან ფულადი გზავნილები რეკორდული იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, როგორც ევროკომისიის გაფართოების უახლეს ანგარიშში იყო აღნიშნული, ქვეყანა სტატუსის მხოლოდ "სახელწოდებას" ინარჩუნებს.
გთავაზობთ ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ კავშირებს ასახავს.
EU-სთან ვაჭრობა
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლის ჭრილში 8.4%-იანი ზრდაა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ჯამურად საქართველოს ექსპორტში 12%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო იმპორტში 25.4% ეკავა. სწორედ იმპორტია საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვის 80%-ზე მეტი.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ევროკავშირიდან იმპორტი 3%-ით გაიზარდა და რეკორდული 4.7 მილიარდი დოლარი იყო.
ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $859.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $553.4 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $333 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $90.2 მლნ;
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $87.9 მლნ.
გასულ წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 876.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 53%-იანი ზრდაა.
უმსხვილესი საქონლის ხუთეული კი ასე გამოიყურება:
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $141.9 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი - $112 მლნ;
- ფეროშენადნობები - $108.4 მლნ;
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $66.5 მლნ;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $64.3 მლნ.
აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 776 მლნ დოლარს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 23% შეადგინა.
EU-დან გზავნილები
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები მზარდია. 2025 წელს ევროკავშირიდან გზავნილების სახით 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, წლის ჭრილში კი 14%-იანი ზრდაა.
2017 წლის მარტიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ, ფულადი გზავნილები მუდმივად იზრდება. ამასთან, თუ 2017 წელს ჯამურ გზავნილებში ევროკავშირის წილი 30% იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 45%-მდე გაიზარდა.
ევროკავშირიდან შემოსული ფულადი გზავნილები წლების მიხედვით ასეთია:
- 2017 წელი - 414.1 მლნ დოლარი;
- 2018 წელი - 534 მლნ დოლარი;
- 2019 წელი - 647.1 მლნ დოლარი;
- 2020 წელი - 763.5 მლნ დოლარი;
- 2021 წელი - 955.6 მლნ დოლარი;
- 2022 წელი - 1.1 მლრდ დოლარი;
- 2023 წელი - 1.3 მლრდ დოლარი;
- 2024 წელი - 1.4 მლრდ დოლარი;
- 2025 წელი - 1.6 მლრდ დოლარი.
EU-დან ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ევროკავშირიდან გასულ წელს ნახევარი მილიონი ვიზიტი აღირიცხა, რაც წლიურად 14% ზრდაა. ამის მიუხედავად, ქვეყნების ტოპ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ შედის. შედარებისთვის, პანდემიამდელ პერიოდში, 2019 წელს, ევროკავშირის ქვეყნები ტოპ ათეულშიც შედიოდნენ.
EU-დან ყველაზე მეტი, 84 ათასი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა ამ მაჩვენებლით გერმანია მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილს იკავებს. გერმანიის შემდეგ EU-ს ქვეყნებს შორისაა პოლონეთი 80 ათასი ვიზიტით, საიდანაც ნაკადი 20%-ით არის გაზრდილი.
ევროპიდან 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა:
| ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| გერმანია | 83,656 ვიზიტი; | 6% |
| პოლონეთი | 79,722 ვიზიტი; | 20% |
| გაერთიანებული სამეფო | 45,018 ვიზიტი; | 39% |
| საბერძნეთი | 35,322 ვიზიტი; | 28% |
| საფრანგეთი | 33,219 ვიზიტი; | 17% |
| იტალია | 27,735 ვიზიტი; | 39% |
| ესპანეთი | 21,902 ვიზიტი; | 49% |
| ნიდერლანდები | 20,087 ვიზიტი; | 7% |
| ლიტვა | 18,848 ვიზიტი; | -7% |
| ლატვია | 17,340 ვიზიტი; | -22% |
| ჩეხეთი | 15,023 ვიზიტი; | 10% |
| ბელგია | 10,849 ვიზიტი; | 8% |
| ბულგარეთი | 10,066 ვიზიტი; | -1% |
| ავსტრია | 9,653 ვიზიტი; | 6% |
| რუმინეთი | 9,328 ვიზიტი; | 13% |
| უნგრეთი | 8,899 ვიზიტი; | 26% |
| კვიპროსი | 7,323 ვიზიტი; | 41% |
| შვედეთი | 7,263 ვიზიტი; | -1% |
| ესტონეთი | 6,943 ვიზიტი; | -22% |
| სლოვაკეთი | 6,155 ვიზიტი; | 10% |
| ირლანდია | 5,871 ვიზიტი; | 42% |
| პორტუგალია | 5,289 ვიზიტი; | 22% |
| დანია | 4,732 ვიზიტი; | -24% |
| ფინეთი | 3,669 ვიზიტი; | 5% |
| სლოვენია | 2,812 ვიზიტი; | 12% |
| ხორვატია | 1,940 ვიზიტი; | 18% |
| მალტა | 629 ვიზიტი; | 9% |
| ლუქსემბურგი | 597 ვიზიტი. | -25% |
შენიშვნა: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ სტატისტიკაში გაერთიანებული სამეფოც შეჰყავს.
EU-დან ინვესტიციები
გასული წლის 9 თვეში ევროკავშირიდან საქართველოში 499 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წლიურად 53%-იანი ზრდაა. ევროკავშირიდან ყველაზე მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 850 მლნ დოლარს გადააჭარბა, თუმცა 2023 წელს მაჩვენებელი 675 მლნ დოლარამდე, ხოლო 2024 წელს 442 მლნ დოლარამდე შემცირდა.




























