საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე დონალდ ტრამპმა შექმნა კრიპტოვალუტა, რომლის ფასი მოკლე დროში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადამიანები, რომელთაც ციფრული აქტივი გამოშვებიდან მალევე იყიდეს, ფინანსურად იხეირეს. თავდაპირველად, ტრამპკოინის შეძენა მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძლებოდა, სადაც თითო მონეტა $0.18 ღირდა, მაგრამ ციფრული აქტივი მალევე გამოჩნდა წამყვან ბირჟებზე, რამაც ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. BINANCE-ზე ტრამპკოინი $6.24-ად დაილისტა, მაგრამ ერთი დღის ჭრილში ფასმა $75.35-მდე გაიზარდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაზე დალისტვიდან პიკური მაჩვენებლის დაფიქსირებამდე, ტრამპკოინის ფასმა $1,100%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო გამოშვების ფასთან შედარებით ზრდამ საერთოდაც 41,760% შეადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპკოინს არ აქვს არანაირი ფუნდამენტური ღირებულება, გარდა იმ სენტიმენტისა, რომელსაც პრეზიდენტის მხარდამჭერებს მის მიმართ აქვთ, კოლოსალური ზრდის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო და $14.71-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ პიკური მაჩვენებლის შემდეგ დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტა 80%-ით გაუფასურდა.
ამჟამად, ერთი მონეტა $17-ად ივაჭრება, ანუ ვალუტის სრული კაპიტალიზაცია, იგივე FDV $17.1 მილიარდია და ამ მაჩვენებლით, ტრამპკოინი მსოფლიოში 36-ე ადგილს იკავებს. ამასთან, მაღალია ტრამპკოინით ვაჭრობის მაჩვენებელი, რომელიც გასულ 24 საათში 125%-ით გაიზარდა და $1.7 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს კრიპტოვალუტის ვოლატილობაზე და სპეკულაციურ ბუნებაზე, რადგან მისი ხელიდან ხელში გადასვლის სიჩქარე ძალიან მაღალია. თავად ამ ფაქტორს კი ის განაპირობებს, რომ დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტა ე.წ. “მიმკოინის” სტატუსს ატარებს.
ტრამპკოინი სოლანას ბლოკჩეინზე დაილისტა, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია, განსაკუთრებით ეთერიუმის ერთგვარი დაღმასვლის ფონზე. თავდაპირველად, ბაზარზე 200 მილიონი ტოკენი გავიდა, როცა ემისიის 80%, ანუ 800 მილიონი მონეტა ჯერაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრებაში რჩება. ეს კრიპტოვალუტა სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად მოხვდება, რაც, მართალია, წესით და რიგით, ვალუტას მყისიერი გაუფასურებისგან იცავს, მაგრამ გრძელვადიანად, მისი მიწოდება მკვეთრად გაიზრდება და მოთხოვნა-მიწოდების ბალანსმა, შესაძლოა, ფასი მაინც შეამციროს.




























