მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეპეტიტორიუმი მე-11 კლასელებისთვის 2027-2028 აკადემიურ წელს ამოქმედდება - განათლების რეფორმის კონცეფცია

მოსწავლეები სკოლა

რეპეტიტორიუმი, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდების მომზადების საშუალებას მისცემს, იმ მოსწავლეებს შეეხება, რომლებიც მე-11 კლასს 2027-2028 წელს დაასრულებენ, - ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ განათლების რეფორმის კონცეფციაში წერია.

„გამოწვევაა ეროვნული გამოცდებისა და სასკოლო პროგრამების თანხვედრის არარსებობა, რის გამოც მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო რეპეტიტორებთან ცდილობს ცოდნის მიღებას. ამასთანავე, სკოლა ვერ სთავაზობს მოსწავლეს პროფესიული განათლების მხარდამჭერ მექანიზმებს: არ არსებობს მკაფიოდ_ ჩამოყალიბებული პროფორიენტაციის სისტემა, კარიერის დაგეგმვის სერვისები, ინდივიდუალური კონსულტაციები აწ პროფესიული პრაქტიკის გამოცდილება”, - წერია დოკუმენტში.

ამ გამოწვევის დასაძლევად, “ოცნების” მთავრობა ე.წ. რეპეტიტორიუმის შექმნას მოიაზრებს.

„სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს”, - წერია დაგეგმილი რეფორმის მოკლე კონცეფციაში.

ამასთან, როგორც დაგეგმილია XII კლასი უქმდება, თუმცა, ამ კლასის გავლის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

“ოცნების” მთავრობა ელოდება, რომ ეს უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები