მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურიცაა" - სალომე ზურაბიშვილი

ლიეტუვა

პროევროპული აქციების მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. "რეპრესიები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურიცაა, ამისთვის იღებენ დრაკონულ კანონებს" - განაცხადა მან. ზურაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 5000-ლარიან ჯარიმებსა და სისხლის სამართლის დევნას აქტივისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შეზღუდვისთვის იყენებს.

"მშვიდობიანი მომიტინგეები დიდ ჯარიმებს იღებენ, საუბარია 5000 ლარზე, როცა მინიმალური ხელფასი 200 ლარია, საშუალო ხელფასი კი - 1500 ლარი. ყველა ჯერზე, როდესაც რუსთაველის გამზირს კეტავ, შეიძლება დაჯარიმდე და ზოგიერთისთვის ჯარიმის ღირებულება 5-ჯერ, 7-ჯერ, 10-ჯერ იზრდება. ეს ზომების სპეციალურად არის მიღებული, რათა ფინანსურად დააზიანოს აქტივისტები და მათი ოჯახები.

მოსახლეობის მიერ მათ მხარდასაჭერად შექმნილი სოლიდარობის ფონდები დაყადაღებულია. მიმდინარეობს აქტიური კონტროლი აქტივისტებისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაფინანსების წყაროებზე. ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, შესაძლოა, ციხეში ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით აღმოჩნდნენ. მათ შორის დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერიც [მამუკა ხაზარაძე] მოხვდა, რომელსაც სისხლის სამართლის დევნით დაემუქრნენ, რადგან მას [ხაზარაძეს] არ სურს, ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილი კომისიის ცნობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოკითხვაზე დაიბარა. ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას არ აპირებს.

მეხუთე პრეზიდენტმა აქტივისტების შემზღუდველ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკული FARA-ს ქართული ვერსიის დაკანონება არა მხოლოდ NGO სექტორს, არამედ მედიასა და მცირე ბიზნესებს უქრობს დაფინანსების წყაროს.

"NGO-ებს, მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ, სულის შემხუთავ შეზღუდვებს უწესებენ, ზუსტად ისე როგორც რუსეთში. პუტინის “აგენტების კანონის” კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. ამერიკული მოდელის, FARA-ს ქვეშ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ამერიკულ FARA-სთან და მისი მიღება პრაქტიკულად ხურავს ყველა გზას საგარეო დაფინანსებისთვის, არა მხოლოდ NGO-ებისთვის, არამედ მცირე მეწარმეებისა და რეგიონული და ცენტრალური მედიისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები