21-ე საუკუნეში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) არჩევანი აღარ არის - ის აუცილებლობად იქცა. სწორედ ამ პრინციპზე საუბრობს re:school-ის დამფუძნებელი სალომე მგელაძე, რომელმაც BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის კომპანია „გალფთან“ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
მისი თქმით, კომპანია "გალფთან" თანამშრომლობა ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად და უკვე ორი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს : "კომპანია „გალფთან“ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა დავიწყეთ და უდიდესი მადლობა ამ კომპანიას, რომელიც არაერთ მიმართულებაშია ჩართული. ეს მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის - ეს გრძელვადიანი ხედვაა", - განაცხადა სალომე მგელაძემ.
მისივე ინფორმაციით, პირველი პროექტი რეგიონებში ახალგაზრდების გაძლიერებას ემსახურება თანამედროვე ტექნოლოგიური განათლებით. პროგრამა გურიიდან დაიწყო - ოზურგეთში 25 ახალგაზრდამ პროგრამირების 18-თვიანი კურსი უკვე დაიწყო.
„გურიაში ძალიან ნიჭიერი და მონდომებული მოზარდები არიან. მათთან გასაუბრებისას აღფრთოვანებული დავრჩით მათი მოტივაციით. სამწუხაროდ, მოთხოვნა ძალიან დიდი იყო და საწყის ეტაპზე, მხოლოდ 25 ადამიანის მიღება შევძელით. შევუძინეთ ლეპტოპები, მოვუწყვეთ საკლასო სივრცე და დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს მომავლის პროფესიის შესწავლა“, - აღნიშნავს მგელაძე.
მისივე ინფორმაციით, პროექტი მხოლოდ გურიით არ შემოიფარგლება და სხვა რეგიონებშიც იგეგმება გაფართოება : „როგორც „გალფმა“ განაცხადა, ეს მხოლოდ დასაწყისია და პროგრამის განვითარება სხვა რეგიონებშიც იგეგმება“, - ამბობს ის.
მგელაძემ კომპანიასთან ერთად მიმდინარე მეორე პროექტზეც ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების მიწოდებას ეხება, თუმცა აქ აქცენტი ხელოვნურ ინტელექტზე კეთდება.
„იანვრიდან უკვე 25-მა ბენეფიციარმა დაიწყო 18-თვიანი პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ეს კურსი უშუალოდ re:school-ის ბაზაზე მიმდინარეობს და თანამედროვე შრომის ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს ფარავს“, - აცხადებს დამფუძნებელი.
სალომე მგელაძემ ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ, თუმცა მნიშვნელოვან პროექტზე - არასრულწლოვან მსჯავრდადებულებთან მუშაობაზე. მისი თქმით, re:school-ის ფარგლებში 18-თვიანი IT კურსი პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა. პროექტში თავდაპირველად 10 ბენეფიციარი ჩაერთო, თუმცა სრული კურსი 5-მა მონაწილემ დაასრულა.
„ეს იყო ძალიან რთული პროექტი, რადგან გარდა დაწესებულებაში არსებული ბარიერებისა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სპეციფიკური სეგმენტია. მიუხედავად გამოწვევებისა, ხუთმა მონაწილემ სრულად გაიარა პროგრამა. როდესაც ისინი დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, re:school ჩაერთვება ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების ხელშეწყობის პროცესში“, - აცხადებს სალომე მგელაძე.
მისი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ რეგიონებისა და საზოგადოების გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის პარტნიორობა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს.




























