მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რესპირატორის“ პირბადემ ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტესტირება გაიარა

600a98eebe8b9
ვიქტორია მღებრიშვილი
22.01.21 22:19
2389
კომპანია „რესპირატორმა“ საქართველოში წარმოებულ სამედიცინო პირბადეზე ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტესტირება წარმატებით გაიარა და EN14683:2019+AC:2019 TYPE IIR - სტანდარტი მიენიჭა.

„რესპირატორის“ დამფუძნებელი სერგო გალუსტიანია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ მათი წარმოების პირბადემ ტესტირება ესპანეთში ევროკავშირის მიერ აღიარებულ ლაბორატორია „Eurofins”-ში გაიარა, სადაც 4 სახის ტესტის ჩასატარებლად გასული წლის 15 დეკემბერს 60 პირბადე გაიგზავნა.

„მოვითხოვეთ, რომ პირბადეებზე სამედიცინო პირბადის ტესტირება ჩატარებული, რაც 4 სახის ტესტს გულისხმობს: ბაქტერია ფილტრაციაზე; ჰაერის გამტარუნარიანობაზე, რადგან თუ პირბადეში ჰაერი სათანადოდ არ გადის, მაშინ ჟანგბადის მიღება ადამიანს გვერდებიდან მოუწევს, რაც გამორიცხავს ფილტრაციას და უსაფრთხოებას; სისხლის გამტარიანობაზე, რაც ქირურგიული ოპერაციების დროს არის საჭირო და მეოთხე არის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე ბაქტერიების რაოდენობაზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს 1 სმ2-ზე 30 მლნ-ს - ეს ტესტი აჩვენებს რამდენად სუფთა გარემოში მზადდება პროდუქცია. 19 იანვარს მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენმა პირბადემ ტესტირება წარმატებით გაიარა და ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა“, - აცხადებს სერგო გალუსტიანი.



„რესპირატორის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ევროპულ ლაბორატორიაში შემოწმება მათ პროდუქტის მიმართ უფრო მეტ სანდოობას გააჩენს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„ხშირად გვეკითხებოდნენ რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი პირბადეები საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს და რამდენად უსაფრთხო იყო, ჩვენი პასუხი იყო რომ ლუგარის დასკვნა გვქონდა. თუმცა ვიღებდით გამოხმაურებას, რომ ლუგარის დასკვნა სხვა პირბადეებსაც ჰქონდათ, რომელიც სამედიცინო არ იყო. იმისთვის რომ დაგვემტკიცებინა ჩვენი პირბადეების სტანდარტებთან შესაბამისობა და უსაფრთხოება, გადავწყვიტეთ მოგვეპოვებინა ევროკავშირის მიერ აღიარებული ლაბორატორიის დასკვნაც. შესაბამისად, ეს არის პირველი ქართული წარმოების პირბადე, რომლის უსაფრთხოება ევროპული ლაბორატორიის მიერაა დამტკიცებული. ეს არის კომპანიის იმიჯიც, რადგან პირბადეების წარმოება მაღალი ხარისხის ნედლეულით ხორციელდება.

ამასთან, პირველად ქართული პირბადის ექსპორტზე გატანისას ჩვენმა პარტნიორებმა თავად გააკეთეს აღნიშნული ტესტირება, თუმცა მის შედეგებზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა. ახლა უკვე ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის წარდგენა შეგვიძლია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც“, - განმარტავს სერგო გალუსტიანი.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის პირბადეების საწარმოს წარმადობა თვიურად 10 მლნ-იან.

„დაახლოებით ერთ თვეში, მას შემდეგ რაც პიკი გადაივლის და მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ წავა, ალბათ ნათელი გახდება რა მოცულობის პირბადეებს მოიხმარს საქართველოს ბაზარი. აქედან გამომდინარე უკვე ევროპული ლაბორატორიის მიერ ტესტირებული პირბადეებით უპირველესად ადგილობრივ ბაზარს დავაკმაყოფილებთ და ნაშთის დარჩენის შემთხვევაში, უკვე ექსპორტის მიმართულებით გავაქტიურდებით“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

დღეისთვის „რესპირატორის“ პირბადეების შეძენა აფთიაქებში „პე ეს პე“-ში, „ფარმადეპოში“, „ავერსსა“ და „ჯი პი სიშია“ შესაძლებელი. პირბადის ღირებულება კი 15 თეთრიდან 20 თეთრამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები