საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლფონდის მობილიზებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. დოკუმენტის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესი შენობის მეოთხე სართულს შეეხება.
"ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №29-ში (ნაკვეთი 07/081) განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის (ნაკვეთი − 07/081; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081) მიწისზედა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელი) რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გადაცემას, არაუმეტეს 4,000,000 ლარისა,"- ნათქვამია დადგენილებაში.
დადგენილებაში პროექტის განხორციელების ვადები მითითებული არაა.
რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება. მას სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი მართავს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4 301-ით გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 42-ით გაიზარდა და ის 1 504-ს შეადგენს.
დღეის მდგომარეობით ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.