მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს“ - კახა ოქრიაშვილი

6424354d47730
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 17:22
594
PSP ჯგუფის დამფუძნებელ კახა ოქრიაშვილის შეფასებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო უნივერსიტეტისთვის გადაცემა ერთადერთი სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა იქნება. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

ის თვლის, რომ დღემდე რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო უნივერსიტეტისთვის არ გადაცემის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ობიექტის დაუფლება კორუფციული სქემებით სურდათ.

„რესპუბლიკური საავადმყოფო აშენებულია, როგორც ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ამიტომაც დგას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით. დღეს არსებულ შენობაში ფუნქციონირებდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები და გამოყოფილი იყო მრავალი სივრცე სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის - ის წარმოადგენდა სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ბაზას.

ფაქტი, რომ ეს დაწესებულება დღემდე არ გადაუციათ სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, მიანიშნებს, რომ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი კორუფციული სქემებით სურდათ ამ ობიექტის დაუფლება. (ყველას გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს, რესპუბლიკური საავადმყოფო უფასოდ გადაეცა „საპარტნიორო ფონდს“ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.)

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, თუ ძველი შეკეთდება, ის უნდა გადაეცეს სამედიცინო უნივერსიტეტს, რომელსაც შეუძლია, საკუთარი, ანუ საბიუჯეტო სახსრების გარეშე, უზრუნველყოს ამ ობიექტის ახლიდან აშენება, ან მისი რენოვაცია, მოსახლეობის მაღალ დონეზე მომსახურება და კვალიფიციური ექიმების აღზრდა.

ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფაქტი, რომ ეს საკითხი ათწლეულებია არ წყდება, მიანიშნებს არსებული ხელისუფლების უუნარობასა და უნიათობაზე, ქვეყნის აღმშენებლობის ნაწილში. თუმცა რა გასაკვირია, როცა 10 წელი დასჭირდათ, 1 ფურცლის დასაწერად თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, ფარმაცევტული სექტორი, ოფიციალურად, ათ წელზე მეტი ვითხოვდით მთავრობისგან და დღეს გვაყვედრიან, თითქოს ამ ერთი ფურცლის დაწერა მათი მონაპოვარია“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ცნობისთვის: რესპუბლიკური საავადმყოფოს დროებით დახურვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 21 მარტს კლინიკის პერსონალის მხრიდან გავრცელდა, რაც 22 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, რა დროსაც ის დაიხურება და პაციენტებს აღარ მოემსახურება. მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ რეაბილიტაციის პერიოდში ექიმების სამუშაო ადგილები და მათი ხელფასები დაცული იქნება. კლინიკის განვითარების კონცეფციას კი სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარადგენს. „რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი“ - თქვა მან.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა საპროტესტო აქციები სამუშაო ადგილების შენარჩუნების მოთხოვნით დაიწყო. დღეისთვის მედპერსონალს ჯანდაცვის სამინისტროსთან ორი მოთხოვნა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები