მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება - გასულ წელს დაანონსებულ სიახლეზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინდელი მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს.

ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს. საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს.

ახალი კლინიკის აშენების ჯამური ბიუჯეტი 200 მლნ ლარი იქნება, რომელსაც სრულად სახელმწიფო დაფარავს. ამ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დონორების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი კლინიკაა, 2022 წელს 44.6 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავა, საიდანაც 25.5 მილიონი ლარი უშუალოდ სამედიცინო სერვისების გაწევიდან მიღებული თანხები, 15.5 მილიონი სახელმწიფო სუბსიდია, 2.5 მილიონი კი ანაბარზე დარიცხული სარგებელი იყო.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ 2022 წელი 3.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ზარალის მიზეზი იყო ის, რომ კომპანიის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატებოდა, მათ შორის - პერსონალის ხელფასები 21.6 მილიონი ლარი, სამედიცინო საქონელი 14.3 მილიონი ლარი, ცვეთა და ამორტიზაცია 4 მილიონი ლარი, კომუნალურები 2.8 მლნ, ანარიცხები 1.7 მლნ, სხვა ხარჯი 2.8 მლნ ლარს აღწევდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია. მას ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ფლობს. ამასთან, აუდიტის თანახმად, კომპანიის ზოგიერთი ნაჩვენები თანხა 2021 წლის ნაშთებს არ შეესაბამებოდა და მათ შორის აცდენები იყო.

რას მოუტანს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა?

სტუმარი: სანდრო ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;