მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ალტერნატიულ სამსახურს რუხის კლინიკაში სთავაზობენ - ექიმი

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოში დასაქმებულებს, კლინიკის დანგრევის შემდეგ, ახლის აშენებამდე, ალტერნატიულ სამსახურს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის კლინიკაში სთავაზობენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ოთარიშვილის თქმით, დასაქმებულებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუხის კლინიკის გაძლიერება რესპუბლიკური საავადმყოფოს ხარჯზე მიმდინარეობს.

"შემოთავაზებული კომპენსაციები ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, ვინაიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულების დიდი ნაწილი არ არის საპენსიო ასაკის. ვართ შრომისუნარიანი ადამიანები. საპენსიო ასაკის პირებიც ეწევიან აქტიურ სამედიცინო და პედაგოგიურ საქმიანობას. ამიტომ, ჩვენთვის შეურაცმყოფელთან ერთად, გაუგებარია, როგორ შეძლება ასეთი გამოცდილების პროფესიონალები სახლში გაუშვა. ეს კომპენსაციების შეთავაზება, თავის მხრივ ბუნდოვანია. ჩვენთვის დოკუმენტურად არავის წარუდგენია. სიტყვიერად გვითხრეს შეხვედრაზე და გავიგეთ, ბატონი აზარაშვილის ბრიფინგიდან.

არ ვიცით, ვის რა სახის კომპენსაცია შეეხება, როგორ მოხდება 650 თანამშრომელზე ამის განაწილება, ან რა კრიტერიუმით დაიყოფიან, ამ ყველაფერს, დასაქმებულებს არავინ გვეუბნება. უფრო აქტუალური და მთავარია, თუ კლინიკას ვერ ვინარჩუნებთ, სად უნდა დავსაქმდეთ? ამას ეხებოდა კითხვების ძირითადი ნაწილი. ეს კითხვა ვალიდური გახდა ჯერ კიდევ ჩვენი, მარტის აქციების დროს. გვიპასუხეს, რომ დაგვასაქმებენ სახელმწიფო კლინიკებში. კითხვაზე, რომელია სახელმწიფო მრავალპროფილური კლინიკები, ჩამოთვალეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისში, გორის ჰოსპიტალი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისის ჩხობაძის ჰოსპიტალი. აქედან, 4 დაკომპლექტებულია და მეტიც, 1 საუნივერსიტეტო კლინიკას შემცირებების შემდეგ ყოფილი დასაქმებულები სასამართლოში ედავებოდნენ. ასევე, მწვავე ტერიტორიული პრობლემა აქვს ჩხობაძის ჰოსპიტალს, რომელიც დანგრევის და ახლის აშენების მოლოდინშია. ბათუმის და გორის კლინიკები კი, სრული დატვირთვით მუშაობენ და პერსონალის დანაკლისი ნამდვილად არ აქვთ. ამ არგუმენტების შემდეგ გვითხრეს, რომ რუხის კლინიკა არ მუშაობს, ახლა კომპლექტდება და შეგვიძლია, იქ განვაგრძოთ საქმიანობა. ამ საუბრის შემდეგ, ამ საკითხს არ მოჰყოლია გაგრძელება", - განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, რეპუბლიკურის ექიმებს უკვე აქვთ გამოცდილება, როცა კოვიდის დროს დახურეს პედიატრიული განყოფილება, რომელიც შემდეგ უნდა გაეხსნათ, მაგრამ სახლში გაშვებული პერსონალი სახლში დღემდე დაუსაქმებელია.

"ასევე, დახურეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც პანდემიის დროს გაფართოვდა და პანდემიის შემდეგ საჭიროება აღარ იყო, ამ მედიკოსებსაც სამსახური რუხის კლინიკაში შესთავაზეს და დასაქმებულების ნაწილი გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუხის საავადმყოფოს გაძლიერება მიდის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხარჯზე", - განაცხადა ოთარიშვილმა.

მისივე თქმით, პედიატრიულ განყოფილებაში განთავსებული მთელი აპარატურა, რომელიც პედიატრიულ და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო განთავსებული, ასევე მაგნიტურ ბირთვული რეზონანსის აპარატი რესპუბლიკური საავადმყოფოდან რუხის კლინიკას გადაეცა.

შეგახსენებთ, შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12-თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს ორი კვირა ექნება იმისთვის, რომ აირჩიონ კონკრეტული შეთავაზება/კომპენსაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები