მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია შესაძლოა, ევროპის საინვესტიციო ბანკმა დააფინანსოს

საავადმყოფო

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია შესაძლოა ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების მიზნობრიობის შეცვლით შესაძლოა დაფინანსდეს. საუბარია 100 მილიონი ევროს კრედიტიდან 32 მილიონ ევრომდე თანხის მიზნობრიობის მოდიფიკაციაზე. ამ პროექტს დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

აღნიშნული საკრედიტო შეთანხმება თავდაპირველად 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა და ის მიზნად რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავდა. თუმცა ამ კრედიტის მიზნობრიობა შეიცვალა 2020 წლის 21 დეკემბერს და ის COVID 19-თან ბრძოლის სასესხო პაკეტად გადაკეთდა და ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა დახარჯულიყო. ამ კრედიტის ათვისების ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

თუმცა, როგორც ირკვევა გამოყოფილი თანხიდან 32 მილიონი ევრო კვლავ ასათვისებელია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ EIB-თან კრედიტის კიდევ ერთხელ მოდიფიკაციაზე აწარმოა მოლაპარაკებები და დარჩენილი თანხის ათვისება 24 თვით, 2026 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. მიზნობრიობა კი ასე ჩამოყალიბდა:

“სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა სისხლის ცენტრალური დაწესებულებისთვის, რომელიც უნდა მოეწყოს შ.პ.ს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) შენობაში, ამავე კლინიკის შენობაში ფარმაცევტული საქონლის სასაწყობე სივრცის აღჭურვა;

სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისთვის გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვა და რადიაციული თერაპიის ცენტრის შექმნის მიზნით ყველა საჭირო საქონლის თუ მომსახურების შეძენა და ა.შ.”- ნათქვამია საკრედიტო შეთანხმების განმარტებით ბარათში.

ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ანუ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა 2024 წლის თებერვალში, რის შესახებაც განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები