მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება - ირაკლი კობახიძე

იმპიჩმენტი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს მეორედ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება.

მისი განმარტებით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში.

კობახიძის თქმით, ამ გეგმაზე როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეჯერდა.

"დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის. ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას მისი დემონტაჟის საფუძველზე ახალი შენობის აშენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც იმას გულისხმობდა რომ უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა შეიძლებოდა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის მოხდებოდა. ეს შემოთავაზება იმ გეგმას შეესაბამება, რომელიც არსებობდა თუ არ ვცდები 2007 წელს, როცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა, - სამწუხაროდ მერე ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და წინადადებები ამ მიმართულებით მომზადდება, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული პროცესი გაჩერდეს. მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით.

შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს.

რაც შეეხება თვითონ შენობის მდგომარეობას, მდგრადობის კუთხით პრობლემები არ არის, სხვადასხვა კუთხით - ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ვეცდებით თუნდაც, 2-3-წლიან პერიოდში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება შენობის დემონტაჟს იგი არ განხორციელდება, ვიდრე ახალი შენობა არ აშენდება. შესაბამისად, ჩვეულებრივად, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. დაახლოებით, 3 წლის თავზე უნდა დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და ამის შემდეგ, საავადმყოფო გადავა ახლა შენობაში. ასეთია ის გეგმა, რომელიც ექიმებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან შევაჯერეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგრადობის რისკი არ არსებობს, საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

"მდგრადობაზე არაა საუბარი, ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მდგრადობის კუთხით არ არის პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემებია სხვადასხვა კუთხით, მაგრამ ეს შენობის მდგრადობას არ უკავშირდება. შენობის დანგრევის რისკი არ არსებობს, სხვა ტიპის, ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაზეც უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, ვიდრე ახალი შენობის მშენებლობა არ დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები