მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ბავშვთა ინფექციურის ასაშენებლად ₾40-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

ბავშვთა ინფექციური

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადატანისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა.

წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო სამშენებლო კომპანიებისგან ელის როგორც საავადმყოფოს დიზაინის პროექტირებას, ასევე სამშენებლო სამუშაოების შესრულებასაც.

25 აპრილს გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით, ტექნიკური დავალების მიზანს წარმოადგენს, ვაჟა ფშაველას N29-ში მდებარე შენობის სრული სარემონტო/სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო/სადემონტაჟო/დაშენების სამუშაოები, რომელიც შემდგომში გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო.

შენობა ამჟამად 1 200 კ.მ-ია. სამშენებლო პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და საერთო ჯამში 31 თვეს გასტანს. თავდაპირველ ეტაპზე, კონტრაქტორმა საპროექტო სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რომელთა ღირებულება 1 მილიონი ლარად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, 2024 წლის 22 იანვარს, წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი ნინო ოთარიშვილი ივნისში BMG-სთან აცხადებდა, კლინიკა 350-მა ადამიანმა დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა 2024 წლის თებერვალში, რის შესახებაც განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკურის ტერიტორიაზე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გადაინაცვლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები