ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფოს პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი 160 მილიონი ლარია. მან ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ყველა სახის სამუშაოების დასრულებას 4 წელი დასჭირდება, რეაბილიტაციის შემდეგ კი, კლინიკა მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი და პაციენტები ყველაზე თანამედროვე სერვისის მიღებას შეძლებენ.
„ჩვენი გამოთვლებით, საორიენტაციო ბიუჯეტი პროექტის განსახორციელებლად, ყველა იმ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდებული, 160 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად, დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 22 იანვარს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. თებერვალში უკვე ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ირაკლი ღარიბაშვილის დემონტაჟის გადაწყვეტილება შეჩერდა.