მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი „ბარბარესთან“: თუ შეზღუდვები გამკაცრდება, ბევრი კომპანია გაჩერდება

5fbbab295c34f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 17:05
1312
„შეზღუდვების გამკაცრების შემთხვევაში, ბევრი კომპანია შეაჩერებს მუშაობას“, - ამის შესახებ რესტორნის „ბარბარესთან“ გენერალურმა მენეჯერმა ანდრია ქურასბედიანმა BM.GE-ისთან შეზღუდვების გამკაცრებისა და მორიგი "ლოქდაუნის" შესაძლო დაწესებაზე საუბრისას განაცხადა. რესტორნის გენერალური მენეჯერი ზუსტ რიცხვებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არსებული შეზღუდვების პირობებში „ბარბარესთან“ ყოველი თვე ზარალით იხურება; შეზღუდვების გამკაცრება კი, კომპანიების და მათთან მომუშავე ადამიანების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უფრო დაამძიმებს.

„შეზღუდვების გამკაცრების შემთხვევაში, ძალიან ბევრი კომპანია შეაჩერებს სამუშაო პროცესს ან საერთოდ გავა ბაზრიდან, რაც ეკონომიკისთვის რთული იქნება. კომპანიებში დასაქმებული ადამიანების უკან მათი ოჯახები დგანან.  მეორე "ლოქდაუნი" მოსალოდნელი იყო და ამას ყველანი ველოდით, მაგრამ კარგი იქნება თუ ეს  არა - სრული ჩაკეტვა, არამედ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება; ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი რამ - როდესაც გარკვეული საათების შემდეგ სტუმრების მიღების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვიმუშაოთ გატანის მიმართულებით, ამის შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს;თუმცა არსებობს დადგენილება, რომ 22:00 საათის შემდეგ ჩვენ გადაადგილების და ტრანსპორტირების უფლება არ გვაქვს, შეიძლება ჰქონდეს ერთ კონკრეტულ პირს და არა - ყველა თანამშრომელს. ამდენად, ჩვენ უძლურნი ვხდებით და ვერ ვტოვებთ ჩვენს თანამშრომლებს გვიანობამდე და ვერ ვაორგანიზებთ საათებს სხვანაირად, რომ მიტანის სერვისი მაინც ვამუშაოთ“, - განაცხადა ანდრია ქურასბედიანმა.

რესტორნის მენეჯერი მიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესებისას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინების პარალელურად მთავრობამ ბიზნესის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს.

„გასაგებია, რომ ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას 22:00 საათის შემდეგ შეზღუდვების დაწესებაზე, მაგრამ ბიზნესს მაინც უნდა მიეცეს საშუალება, რომ 22:00 საათის შემდეგ შეძლოს ოპერირება, რაც დღეს არ ხდება და ეს კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია. როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ითვალისწინებენ, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ბიზნესის მდგომარეობაც და ეს თანხვედრაში უნდა მოვიდეს ეკონომიკასთანაც. დღეს ტურიზმის სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მაშინ როდესაც ინდუსტრია ეკონომიკის 30%-ს შეადგენდა, დღეს ეს 0%-ის ტოლფასია და ყოველდღიური პროცესი არის მხოლოდ დამატებით სახსრების მოძიებაზე ფიქრი, რათა ბიზნესები გადარჩეს. ძალიან ბევრი კომპანია ამას ვერ გაუძლებს“, - განმარტა რესტორნის „ბარბარესთან“ გენერალურმა მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები