მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანი "ბარბარესთან" ბიზნესის გადარჩენის სამ პირობას ასახელებს

5fbbaf1731457
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 22:21
3047
რესტორნის „ბარბარესთან“ გენერალური მენეჯერის ანდრია ქურასბედიანის განცხადებით, საკვები ობიექტების უმრავლესობა შეზღუდვების გამკაცრებას ვერ გადაიტანს და ბაზრიდან გავა.

მისი თქმით, დღეს სარესტორნე ბიზნესი არასახარბიელო მდგომარეობაშია. თვეში დაახლოებით 40-50 ობიექტი ტოვებს ბაზარს. ქურასბედიანი ბიზნესისთვის პირველი ლოქდაუნით გამოწვეულ მძიმე მდგომარეობას აღწერს და ამბობს, რომ 2.5 თვე რესტორნებისთვის ძალიან რთული იყო.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ თანამშრომლები შეგვენარჩუნებინა და ბიზნესის დივერსიფიკაცია გაგვეკეთებინა. ამიტომ ავამოქმედეთ გატანის სერვისი და ამ მიმართულებით ვმუშაობდით, რამაც ცოტაოდენ წაახალისა ბიზნესი, თუმცა აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიზნესი თავის ხარჯებს ასწორებდა, აქ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არ გავაჩერეთ პროცესები და ადამიანებს სამუშაო შევუნარჩუნეთ. რესტორანს ჩვენი სახსრებით ვინარჩუნებთ და დღემდე ასე გრძელდება. ყოველდღიურად ინვესტიციებს ვდებთ რესტორანში, რომ საქმე არ გავაჩეროთ და რაღაც ნაბიჯები გადავდგათ. ეს სრული ფორსმაჟორული სამუშაოებია.

ბოლო სტატისტიკით, რასაც ვუყურებთ ყოველთვიურად 40-50 საკვები ობიექტი ტოვებს ბაზარს - კოტრდება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ეს იქიდან გამომდინარეობს რომ ადამიანების ქცევა შეიცვალა. მომხარებელი აღარ დადის საკვებ ობიექტებში, რადგან დაინფიცირების რისკი გაზრდილია“, - განაცხადა ანდრია ქურასბედიანმა.

რესტორნის გენერალური მენეჯერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მეტად უნდა დაუდგეს სექტორს მხარში და მათი სუბსიდირების ნაწილი მეტად უნდა გაძლიერდეს.

„სახელმწიფო მხარში უნდა დაგვიდგეს: პირველ რიგში კომუნალური გადასახადები რაიმე სახით უნდა დაგვისუბსიდიროს; მეორე - საბანკო ვალდებულებები კი გადავადდა, მაგრამ არასაკმარისია და კიდევ 8-9 თვე მინიმუმ უნდა გადავადდეს, რომ ადამიანებმა შეძლონ ყოველდღიური სამუშაო პროცესების მართვა; მესამე - რამენაირად დარეგულირდეს პროცესები ისე, რომ საჰაერო ფრენები აღდგეს და ოდნავ მეტი ვიზიტორი მაინც გაჩნდეს ქვეყანაში.

ეს სამი ფაქტორი სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა სფერომ რაიმე სახით გააგრძელოს გადარჩენისკენ სწრაფვა. არ ვსაუბრობთ მომგებიანობასა და ბიზნესის წარმატების ფორმულაზე, ჩვენ ვსაუბრობთ როგორ შევუმსუბუქოთ ჩვენს მიმართულებას ყოველდღიური სამუშაო პროცესები და საფიქრალი“, - განაცხადა რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები