2025-2026 წლების ეკონომიკური მოლოდინების შესახებ საკონსულტაციო კომპანია Reformatics-მა საკუთარი შეფასება მოამზადა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში პოლიტიკური იზოლაცია და ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო სანქციების საერთაშორისო სანქციების დაწესება გაგრძელდება, ქვეყანაში ლარის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და ეკონომიკური რეცესია არის მოსალოდნელი. Reformatics-ის თანახმად, 2025 წელს მოსალოდნელია:
ეკონომიკური მოლოდინი:
2021-2024 წლებში საშუალოდ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორების შედეგი იყო, როგორიცაა პოსტპანდემიური აღდგენა, რუსეთის გავლენიანი ინვესტიციები და იმიგრაცია. თუმცა, 2025 წლიდან ამ ფაქტორების გაბათილება მოლოდინების გაუარესებას იწვევს. პროგნოზების მიხედვით, იზოლაციის პირობებში, საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2025 წელს უარყოფით ზონაში გადავა. იზოლაციის თანდათანობით განმუხტვის სცენარის (სცენარი 2) მიხედვით, ქვეყნის მშპ-ს რეალური ზრდა -1%-დან -2%-მდე შემცირდება. თუ იზოლაცია უფრო ღრმავდება (სცენარი 1), ეს მაჩვენებელი -3%-დან -3.5%-მდე დაეცემა, რაც რეცესიის კიდევ უფრო მძიმე სურათს შექმნის.
ლარის გაუფასურება და მზარდი ინფლაცია ხელისუფლების იზოლაციის გაგრძელების შემთხვევაში:
Reformatics-ის თანახმად, 2025 წლისთვის ლარის 10-15%-იანი გაუფასურებაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ ლარის კურსი დოლართან დაახლოებით 3.0-3.2 ლარისის დიაპაზონში იქნება, რაც საგრძნობლად გაზრდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს (ინფლაციას). მწარმოებელთა ინფლაციის ინდექსის ზრდა უკვე ახლა მიანიშნებს ინფლაციის ზრდის მზარდ ზეწოლაზე, რაც განსაკუთრებით აისახება იმპორტირებულ საქონელზე და მომსახურებაზე.
ბიუჯეტის დეფიციტი და მისი გავლენა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი გადასახადების ნაწილში 2025 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინზე იყო აგებული, თუმცა ნეგატიური ეკონომიკური პროგნოზების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტმა შეიძლება 4%-ს გადააჭარბოს, რაც ფისკალური სტაბილურობის რისკებს გაზრდის და პოტენციურად ინფლაციაზეც იქონიებს ნეგატიურ გავლენას.
FDI-ის კლების მოლოდინი:
Reformatics-ის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მკვეთრი შემცირება იქნება, რაც უკვე 2024 წელსაც გახდა აშკარა, რადგანაც წლის პირველ ცხრა თვეში ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. ინვესტიციების მოსალოდნელი კლება გამოწვეული იქნება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციით, ასევე არასტაბილური ბიზნესგარემოთი. უცხოური კაპიტალის შემცირება განსაკუთრებით ზიანს მიაყენებს სტრატეგიულ სექტორებს, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიანი ზრდისთვის აუცილებელია, მათ შორის ენერგეტიკას, ლოგისტიკას და ტექნოლოგიურ განვითარებას. არსებული ტენდენციის გაგრძელება კიდევ უფრო შეაფერხებს სამუშაო ადგილების შექმნას, ტექნოლოგიების გადაცემას და ინოვაციების დანერგვას, რაც დამატებით წნეხს გააჩენს ეკონომიკის რეალურ სექტორზე. ინვესტიციების აღდგენა პოლიტიკური სტაბილურობის და რეფორმების გატარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
Reformatics-ის თანახმად, ამ კრიზისიდან გამოსვლის მთავარი წინაპირობა ახალი არჩევნებია
Reformatics-ი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, ნდობის დეფიციტი მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუარესება მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და რეფორმების განხორციელებას. ახალი არჩევნები საშუალებას მისცემს მოსახლეობას გამოხატოს ნება, ხოლო ახალი ხელისუფლება შეძლებს პროდასავლური კურსის აღდგენას, შიდა პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას. პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღდგენა აუცილებელია ეკონომიკის სანდოობის ასამაღლებლად, ინვესტიციების მოსაზიდად და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის.
ევროინტეგრაცია და პოლიტიკური კურსის ცვლილების აუცილებლობა
Reformatics-ი მიუთითებს ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოსთვის არა მხოლოდ სტრატეგიული არჩევანია, არამედ აუცილებელი ნაბიჯი ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ბაზარზე წვდომა, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და რეფორმების დაჩქარება ქვეყნის გრძელვადიანი ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუმცა, ბოლო წლებში გაღრმავებული იზოლაცია და ევროკავშირის მიმართ მტრული პოლიტიკა ხელს უშლის ამ პროცესს და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს. არსებული კურსის შეცვლა, პროდასავლური რეფორმების გააქტიურება და ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რათა ქვეყანა თავიდან აიცილოს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის უფრო ღრმა კრიზისი. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ევროპული ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერის მოპოვებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ეკონომიკური ჰაბის განვითარება და რეგიონული კავშირების გაძლიერება
Reformatics-ი აღნიშნავს რომ საქართველომ მას შემდეგ რაც ქვეყანა ევროატლანტიკური განვითარების გზას დაუბრუნდება, აუცილებლად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა უფრო მეტი როლი შეასრულოს რეგიონული ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის.
Reformatics-ის კვლევა მიუთითებს რომ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფანს მოიცავს, ქმნის შესაძლებლობას საქართველო გადაიქცეს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ფინანსური სერვისების რეგიონულ ცენტრად. რეგიონულ ინიციატივებში, როგორიცაა შუა დერეფანი აქტიური მონაწილეობა გააუმჯობესებს სატრანსპორტო ქსელებს და გაზრდის ვაჭრობის მოცულობას მეზობელ ქვეყნებთან. Reformatics-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ჰაბის განვითარება საქართველოს რეგიონული ლიდერობისა და საერთაშორისო ბაზრებზე უკეთესი ინტეგრაციისკენ უბიძგებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას ახალ დონეზე აიყვანს.
თუმცა, ეს ყველაფერი რთული მისაღწევი იქნება თუკი არსებული პოლიტიკური კურსი შენარჩუნდება, რასაც ქვეყანა ეკონომიკური კეთილდღეობის ნაცვლად გარდაუვალი იზოლაციისა და კრიზისისკენ მიჰყავს.