ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ სოხაძე საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების აქტიურ მონაწილეობაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროექტებში არქიტექტორთა უფრო ფართო ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფო პროექტების მაღალი ხარისხის მიღწევას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ არქიტექტორების მონაწილეობა ბაზრის კვლევებში აუცილებელია, რათა პროექტების ბიუჯეტირება სწორად და სამართლიანად განხორციელდეს.
ასევე საუბარი შეეხო კონკურსების სტანდარტების გაუმჯობესებას და ისეთი მექანიზმების დანერგვის საჭიროებას, რომლებიც გაააქტიურებს არქიტექტურულ შემოქმედებით პროცესს და სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა არქიტექტორებს. ამასთან, ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია თავად არქიტექტორებმაც იფიქრონ პროფესიული ჩართულობის ახალ გზებზე.
შეხვედრის მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს დისკუსია სასარგებლოა როგორც დარგის წარმომადგენლებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არაერთი არქიტექტურული პროექტის კონკურსი გამოაცხადა და ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორები აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსებში. ასევე მნიშვნელოვანია, გავიგოთ რა ბარიერები შეიძლება არსებობდეს მათი ჩართულობისთვის. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი იყოს ღია და კონკურენტუნარიანი“, - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ არქიტექტორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრებთან კავშირის ოფისში გაიმართა. მინისტრთან ერთად მას ესწრებოდა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.
საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი წარმოადგენს არქიტექტორთა საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც700-ზე მეტ წევრს აერთიანებს.




























