მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რევაზ სოხაძე თურქეთში მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობებს გაეცნო

რეზი სოხაძე

"ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ქართული მხარე გაეცნო ქვეყნის მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში გავეცანით მაგისტრალური გზების მიმდინარე მშენებლობებს. მნიშვნელოვანია ჩვენი მეზობელი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ თურქეთს აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გადავდგამთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ.

ვიზიტის ფარგლებში სოხაძე თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა და ადგილზე დაათვალიერა რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ანკარა–ქირიქკალე–დელიჯეს ავტომაგისტრალის (AKDO) მონაკვეთის დათვალიერებას 120-კილომეტრიანი, ექვსზოლიანი მაგისტრალი რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად განხორციელებული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს და ზრდის სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას.

რევაზ სოხაძემ ადგილზე მოინახულა ლალაჰანის სამშენებლო ობიექტი, სადაც დეტალურად გაეცნო პროექტის ტექნიკურ პარამეტრებს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე გაეცნო ანკარა–ნიღდეს ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძსა და ფასიანი გზების მონიტორინგის და მართვის ცენტრს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ციფრული კონტროლის სისტემებით.

თითოეულ ობიექტზე გაიმართა პრეზენტაცია, სადაც თურქმა კოლეგებმა წარმოადგინეს თურქეთის მაგისტრალური გზების მთავარი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პროექტების განხორციელების ეტაპები და ხარისხის კონტროლის მექანიზმები.

შეხვედრებზე რევაზ სოხაძემ თურქ კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სოხაძის შეხვედრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აბდულკადირ ურალოღლუსთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები