მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზოლუციის ასე შედგენა ძალიან ცუდია... თუმცა ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რთული პროცესია - ნინა კობახიძე

ქალები მომავლისთვის

"ჯეო ჰოსპიტალის" ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინა კობახიძის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაწერა არასასიამოვნო და ძალიან ცუდი ფაქტია. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფის ხელმძღვანელი იმასაც განმარტავს, რომ რეზოლუციას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და პროცედურულად ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რთული პროცესია. bm.ge-სთან საუბრისას ნინა კობახიძე აცხადებს, რომ დღეს პოზიციამ და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპარლამენტში მსგავსი შინაარსის რეზოლუციები არ იწერებოდეს.

„ზოგადად, რეზოლუციები სარეკომენდაციო ხასიათის არის და ამ რეზოლუციის წარმდგენები ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და ძალიან ცუდია, რომ რეზოლუცია ასე შედგა და [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] ამ კანონის გამო ევროპის მხრიდან პატარა მუქარაც გაჟღერდა, რომ შეიძლება ვიზალიბერალიზაციის საკითხიც გადაიხედოს. თუმცა პროცედურულად ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ძალიან რთული პროცესია, რასაც 27 ქვეყნის თანხმობა და განწყობა სჭირდება. როგორც წესი სამართლებრივად ეს იმ ძირითადი ნორმატივების დარღვევას ეხება, რომელიც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის გავასწორეთ - მიგრაცია იქნება ეს, კრიმინალის მოჭარბება თუ ა.შ. ეს პოლიტიკური პროცესი და თამაში, რომელსაც პოლიტიკური პარტიები, მათ შორის იქაც [ევროკავშირში] იყენებენ, ძალიან არასასიამოვნოა.

თითოეულმა მხარემ განურჩევლად პოზიციისა და ოპოზიციისა უნდა იზრუნოს, რომ ასეთი შინაარსის რეზოლუციები აღარ შევიდეს და თუ შევიდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნისთვის სამართლებრივი პროცესის დაწყების საფუძველი არ გახდეს“, - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალის" ქსელის და სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ნინა კობახიძემ ევროპარლამენტის მიერ 25 თებერვალს მიღებული რეზოლუციის და კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, სადაც წერდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან და მიმდინარე პროცესების განხილვაში არ შედიოდა და თავის პოზიციას მხოლოდ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აფიქსირებდა. თუმცა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის თქმით, არ სიამოვნებს ის გარემოება, რომ ქვეყანა აქციიდან აქციამდე რეჟიმშია გადასული.

„კანონთან დაკავშირებით შიდა შეხვედრებზე ვაკეთებ კომენტარებს - რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს, რა სწორია და რა არასწორი. ძალიან არ მსიამოვნებს ის რომ ქვეყანაში აქციიდან აქციამდე რეჟიმში ვართ გადასული. ეს საშინელი სიტუაციაა. გამარჯვებიდან გამარჯვებამდე უნდა გვევლო და ახლა ამ მდგომარეობაში ვართ. ვისაც ეხება და არ ეხება, დიდი იმედი მაქვს ყველა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და იმ მდგომარეობაში გადავიდეს, რაზეც ვიყავით“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები