რაჭაში რთველი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - მევენახეები ჩასაბარებელ პუნქტებთან არსებული რიგების გამო ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი მარნების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რთველი წელს არაორგანიზებული იყო, ჩასაბარებელი პუნქტები კი მაღალ დატვირთვას ვერ გაუმკლავდა.
რიგები მეღვინეებისათვის მხოლოდ დისკომფორტი არ არის, რამდენიმე დღის დაკრეფილი ყურძნის დაწურვა ღვინის ხარისხზე აისახება. "ღვინუკას" დამფუძნებელი ამბობს, რომ 4-5 დღის დაკრეფილ ყურძენს მყიდველი აკლდება და ის ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად უვარგისია. მისი თქმით, ამ კონდიციის ყურძენი ან საშუალო, ხარისხის ღვინისთვის ან საკონიაკე სპირტისთვის იქნება გამოდგება.
“2025 წლის რთველი რაჭაში რამდენიმე მიმართულებით არის გამორჩეული. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მოსავალი ალბათ სავარაუდოდ, მინიმუმ 50%-ით მეტი იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო. დღეისთვის თითქმის 2000 ტონა უკვე გადამუშავებულია, რაც შარშანდელ 1700-1800 ტონას უკვე ასწრებს და რიგები ჯერ კიდევ არის და ალბათ მინიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება.
ამავდროულად, ბევრი ფერმერი არის და მევენახე, რომელსაც ჯერ კიდევ მოსაკრეფი აქვს ყურძენი. აქედან გამომდინარე, ეს მიმართულება, ანუ რაოდენობრივი მიმართულება, ცალსახად გაუმჯობესებულია, ვიდრე შარშან, 2024 წელს.
ახლა, მნიშვნელოვანია, რამ გამოიწვია ეს რიგები. აქ არის ორი კომპონენტი - ერთი ის, რომ რაოდენობრივად ბევრია და მეორე ის, რომ, ჩასაბარებელი პუნქტები და გადამმუშავებელი ქარხნები, კერძო კომპანიები არის ნაკლები. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, უხვმა ნალექმა კახეთში გაახანგრძლივა რთველი. შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც ბაზირებულები არიან კახეთში და უბრალოდ რაჭაში რაღაც კონკრეტული ტონაჟობის ყურძენს ყიდულობენ, მათმა ნაწილმა ვერ მოახერხა რაჭაში ჩამოსვლა და შეძენა. თუმცა, როგორც წინა წლებში იყო, რომ დაახლოებით 15-20 პუნქტი იყო და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები აქტიურად იბარებდნენ ყურძენს, სამწუხაროდ, ეს რეალობა წელს არ გვაქვს.
ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ, სამწუხაროდ, დადგა რიგები და რეალობა არის ის, რომ არაერთი მევენახეა, რომელსაც სამწუხაროდ, უფუჭდება ყურძენი, იმიტომ რომ პირობითად, აქვს ერთი კვირის წინ, 5 დღის წინ მოკრეფილი და პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ კონდიციის ყურძენი, სავარაუდოდ, კარგი ღვინის დასამზადებლად აღარ გამოდგება. მას თუ გამოვიყენებთ, რაღაც საშუალო, ასე ვთქვათ, ხარისხის ღვინისთვის ან საკონიაკე სპირტისთვის,”- ამბობს კომპანია ღვინუკას დამფუძნებელი ზურა მაისაშვილი.
ცნობისთვის, მოსავლის მართვის კომპანია რთველთან დაკავშირებით 100 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს. მოსავლის მართვის კომპანიას უკვე მიღებული აქვს 50 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა. ეს ნიშნავს, რომ წელს ყურძნის შეძენა/ გადამუშავება შესაძლოა სახელმწიფოს 150 მლნ ლარამდე დაუჯდეს.




























