მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რიკოთის დარჩენილი 4 კილომეტრიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა - სამინისტრო

რიკოთი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის (ჩუმათელეთი-ხევი) აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

უწყების ცნობით, ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასვლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს.

"მოძრაობის გადართვისთანავე, დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო.

ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს",- აღნიშნავენ უწყებაში.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიურად ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია რიკოთზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად ძალისხმევას წარმოადგენს სწორედ ფერდების, შესაბამისი საპროექტო-საინჟინრო გადაწყვეტებით სტაბილიზაცია. გასულ წელს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძე ამბობდა, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი გეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რაზეც გზის ძირითად კონტრაქტორს China State Construction Engineering Corporation-ს არაერთი გაფრთხილება და რეკომენდაცია მიეცა. გზის სიგრძე 11.7 კილომეტრს, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება კი 330 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა პროექტის საფასური გაიზარდა, რადგანაც სახელმწიფომ 149-ე კილომეტრზე მდებარე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებისთვის 2024 წლის იანვარში 62 მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები