რიკოთის მონაკვეთ არის უსაფრთხო ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგაც, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების საფუძველი კი 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა იყო.
"აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა, იმისთვის, რომ გზა გაგვეფართოებინა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო. ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა უსაფრთხო.
გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინმსწრებად, თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.
ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა.
დღეს რიკოთი არის უსაფრთხო და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგაც“,- განაცხადა მან.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, შესყიდვის მიზნებისთვის, სანქცირებული კომპანიების ე.წ შავი სია გამოიყენება, რომელიც არის კონკრეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სია და არა, რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი, შესაბამისად ოთხივე კომპანია, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა რიკოთის ტენდერებში ამ სიაში არ იმყოფებოდა.