მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები - გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი"

ირაკლი ქარსელაძე
BM. GE
30.10.23 13:25
25

"ჩატარდა მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები, მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას, გაკეთდა 6100 მ-ზე მეტი საერთო სიგრძის 300-მდე ჭაბურღილი; სპეციალურად გეოლოგიური კვლევებისთვის, ტექნიკის კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლისა და გეოლოგიური კვლევების წარმოებისათვის, ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე, გაიჭრა 3 კმ-მდე სამთო გზა და ჩატარდა სრული სპექტრის ლაბორატორიული კვლევები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის გზის 52 კმ-იან მონაკვეთზე გეოლოგიური სამუშაოები 9 თვე მიმდინარეობდა. ქანების აგებულების და მათი ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დასადგენად, ჩატარდა გეოფიზიკური კვლევებიც.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის პროექტში არსებობს გარემოს დაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმი, პროექტის დაწყებიდან დღემდე. რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, (ე.წ. გზშ).

"გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივე მონაკვეთის გზშ-ს ჩაუტარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების აუდიტი. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. რიკოთის პროექტში გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტია ჩართული, რომლებიც არიან კონტრაქტორების და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოს დაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტები დამუშავდა საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, საქართველოში მოქმედი „სეისმომედეგი მშენებლობის ტექნიკური რეგლამენტის“ გათვალისწინებით. პროექტირების დროს კონსტრუქციული და ფერდების მდგრადობის გაანგარიშებები გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი მარაგით. აღნიშნული გაანგარიშებები აკმაყოფილებს, როგორც „აშტოს“ სეისმომედეგ პროექტირების სტანდარტს, ასევე, „ევროკოდი 7“-ს და „ევროკოდი 8“-ს, რომელიც ეხება გეოტექნიკურ და სეისმომედეგ გაანგარიშებებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები