რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება და ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
,,წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება. მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები.
ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება. პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს.
ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები . ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის ,რომ ვიპოვოთ ის ადამიანები რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.