ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს, თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ.
"მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დავამონტაჟეთ, მდინარემ წაიღო. შესაბამისად, ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად, ახალი გუშინ ახალი ხიდი გადმოვიტანეთ და დღეს, ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს და ამ შემთხვევაში ეს ამოცანაც შესრულდება" - განაცხადა ქარსელაძემ.
ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში კი ყველაზე დიდ გამოწვევას ის სამუშაო პირობები ქმნის, "რომლებიც უკავშირდება უშუალოდ იმ მასას, მის შემადგენლობას, რომელიც ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას".
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.