წყალტუბოს გენგეგმის საკონკურსო განაცხადების პრეზენტაცია, უახლოეს მომავალში უშუალოდ წყალტუბოში გაიმართება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილე სამივე ქართულ კომპანიას ჰყავს გამოცდილი უცხოელი პარტნიორი და თითოეული მათგანი კურორტის განვითარების კონცეფციებს წყალტუბოში წარადგენს.
„გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ უკვე გენგეგმა გვიჩვენებს, თუ რა მოცულობების მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში, სადაც განლაგებულია ის ძირითადი საინვესტიციო პროექტები, მიტოვებული სასტუმროები, რომლებიც საპრივატიზაციო ნუსხაში უნდა მოხვდნენ. ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკის სამინისტრო გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად განსაზღვრავს, თუ რა ახალი ტიპის ინფრასტრუქტურაზე უნდა გამოაცხადოს საინვესტიციო წინადადებები“, - განაცხადა მინისტრმა.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის წყალგაყვანილობისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, რომელიც ასევე მნიშნელოვანია კურორტის განვითარებისთვის.
„ჩვენ არ ველოდებით წყალტუბოს გენგეგმას, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და უკვე გენგეგმის შერჩევის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო შეძლებს საინვესტიციო პროექტების გამოქვეყნებას და საშუალება გვექნება არა მხოლოდ წყალტუბოში, არმედ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ წყალტუბოს გენერალური გეგმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს, თუმცა, პირველ 3 თვეში უნდა წარადგინოს კონკრეტული, პირველი ცენტრალური ზონის განვითარების კონცეფცია, რაც საფუძვლად დაედება ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო წინადადებებს.