მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რისკები, რომლებსაც Fitch Ratings-ის მიხედვით გავლენა აქვს საქართველოს პერსპექტივაზე

ratings

რა ხდება ნეგატიური პერსპექტივის შემდეგ? – „ანალიტიკას“ ამ შეკითხვას ექსკლუზიურ ინტერვიუში Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა, არვინდ რამაკრიშნანმა უპასუხა. „ანალიტიკამ“ მასთან ერთად განიხილა საქართველოს საკრედიტო პერსპექტივის გაუარესების ლოგიკა და ასევე, პროგნოზები – თუ რამდენად ექმნება დღეს უკვე საფრთხე თავად რეიტინგს. ცნობისთვის, ამ ეტაპზე, Fitch Ratings-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს BB დონეზე უნარჩუნებს.

„მოდი, დავიწყებ იმით, თუ რა არის დღეს ის რისკები, რომლებსაც გავლენა აქვს საქართველოს პერსპექტივაზე. პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკები – ამ ნაწილში არის მნიშვნელოვანი ზრდა. ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ეკონომიკაზე, საგარეო ბუფერებზე, მმართველობის ხარისხზე. ეს შეიძლება იყოს რეიტინგის გაუარესების ფაქტორი. ასევე – თუ გაგრძელდება საერთაშორისო რეზერვების მოცულობის მკვეთრი შემცირება, რის მიზეზიც შეიძლება გახდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაზრდა ან რაც უფრო მეტად მოსალოდნელია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება – ამანაც შეიძლება გააუარესოს რეიტინგი. და ბოლოს, მმართველობის მხარეს თუ დავინახავთ პრობლემებს – ესეც შეიძლება გახდეს რეიტინგის გაუარესების საფუძველი. ამ კომპონენტის მიხედვით, საქართველო, როგორც წესი, თავისივე მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით წინ იყო. ამ კომპონენტის გაუარესებამაც შეიძლება დააქვეითოს საქართველოს რეიტინგი“, - განაცხადა არვინდ რამაკრიშნანმა.

„ანალიტიკას“ ჩაკითხვაზე, ელოდება თუ არა საქართველოს რეიტინგის გაუარესება, Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერც იმას ვიტყვით, რომ რეიტინგი აუცილებლად გაუარესდება, თუმცა სარეიტინგო სააგენტო ამ შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

„თუ მოგვიწევს რეიტინგის გაუარესების გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ეს იქნება 1 ბიჯით – BB- –მდე. იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ პერსპექტივა დასტაბილურდეს – ნეგატიური ისევ შეიცვალოს სტაბილურით. ამ შემთხვევაში, დარჩება იგივე რეიტინგი – BB. გულწრფელად რომ გითხრათ, აქედანვე ჩანს, რომ ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ ნეგატიური პერსპექტივა შემდეგ მიმოხილვაში პოზიტიურს დაუბრუნდეს. ეს ნამდვილად დიდი ნახტომი იქნება – ნეგატიურიდან პოზიტიურ პერსპექტივამდე“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები