200 მლნ ლარის ობლიგაციებით მოზიდულ რესურსებს, „რიკო ექსპრესი“ პორტფელის ზრდისთვის და არსებულ სესხებში ინვესტირებისთვის გამოიყენებს.
„რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე 100 მლნ ლარის "ფლეისმენტი" მოხერხდა. მეორე ტრანში კი, 2026 წელს განხორციელდება.
მისივე თქმით, ობლიგაციების გამოშვების საჭიროება დივერისიფიკაციისა და ე.წ. გრძელი დაფინანსების მიღების პერსპექტივაში დაინახეს.
„ძალიან რთულია ხანგრძლივი დაფინანსების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბონდი იმიტომ არის მიმზიდველი, რომ ეს არის ხუთწლიანი დაფინანსება ლარში, რომელიც საკმაოდ რთულია, რომ დღესდღეობით, ბანკის კლასიკური პროდუქტით მოიზიდო.
აქედან გამომდინარე, რამდენიმე დადებითი ასპექტი თამაშობს აქ თავის როლს - ბონდი შეიძლება შემსყიდველმა ბანკებმა გადააგირაონ ეროვნულში და წამოიღონ რესურსი - ეს ძალიან დიდი დახმარებაა. მეორე - პორტფელის ზრდა ჩვენთან უპრეცედენტოა და ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი დამატებითი დაფინანსების წყარო. მესამეც - პროცენტი საკმაოდ მიმზიდველია - როგორც იცით, „რიკომ“ პირველი განთავსება გააკეთა 2023 წელს. წელს ეს „ფორსაითის“ მეშვეობით გავაკეთეთ და ძალიან მადლობლები ვართ მათი, იმიტომ, რომ ნამდვილად პროფესიონალური და ძლიერი გუნდია, რომელმაც თავისი საქმე არაჩვეულებრივად შეასრულა.
პირველი ბონდის ფასი იყო რეფინანსირებას +2%, მაგრამ იყო ხანმოკლე - სამწლიანი. ახლა ჩვენ შევძელით „ფორსაითის“ მეშვეობით გავაკეთოთ რეფინანსირებას +3%, ოღონდ ხუთწლიანი, რომელიც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის სტაბილურობისთვის“ - ამბობს ლაშა ნიკოლაიშვილი BMG-სთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა.
ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის“ ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთად კი განსაზღვრულია TIBR+3%.




























