მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისე დაამთავრა მუშაობა, რომ მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე ვერ მიიყვანა მედიკამენტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის შემოწმების პროცესი და ვერ განსაზღვრა ახალი, უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.
ყველაზე მასშტაბური რეფორმა ამ მიმართულებით ბოლოს 2009 წელს განხორციელდა. ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები გულისხმობდა წამლის რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების გზით მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2009 წლის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა და არ წყდება საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობა სულ უფრო დიდი პრობლემაა. ამას კვლევებიც ადასტურებს (1).
ამასთან, მთავრობა ფარმაცევტულ ბიზნესს დრო და დრო შეახსენებს ხოლმე თავის პოზიციას, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ფასების რეგულირების გზით უნდა მოაგვაროს, რაც არ არის ერთადერთი გზა. სინამდვილეში პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომელიც ერთი მხრივ უპასუხებს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე, დაიცავს ბიზნესის თავისუფლების პრინციპს და ყველაზე დაბალანსებულ, ევროპულ კარგ პრაქტიკასთან შესაბამის გამოსავალს შემოგვთავაზებს.
პარლამენტის მიერ სისტემური რეფორმის გატარების გარეშე, რომელიც თამაშის განჭვრეტად წესებს შესთავაზებდა ბიზნესს, წაახალისებდა ადგილობრივ წარმოებას, კონკურენციას და იმავდროულად მოსახლეობას მოუგვარებდა ეფექტიან და ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, მთავრობას უწევს პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლოს ან დრო და დრო, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, განახორციელოს მოკლევადიანი პროგრამებით მოსახლეობისთვის მედიკამენტების სუბსიდირება.
ასე მაგალითად, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობისთვის წამლების შესყიდვაზე 2016 წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2017 წელს - 10 მილიონი, ხოლო 2018 წელს - 20 მილიონი (2).
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის შესასწავლად ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლის პროცედურა. ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად გამოყენებული საზედამხედველო მექანიზმის მიზანი საქართველოში ჯერ კიდევ 2009 წელს გატარებული რეფორმის ეფექტიანობის შეფასება იყო. სამუშაო ჯგუფი ორჯერ შეიკრიბა.
ბოლო შეხვედრა 2019 წლის ოქტომბერში გაიმართა. შედეგად, კომიტეტმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამ დროისთვის გამოქვეყნებულია კომიტეტის დასკვნის სამუშაო ვერსია. ამის შემდეგ ჯგუფის მუშაობას რაიმე განვითარება ან კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა კი კვლავ მოუგვარებელი რჩება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ უშედეგოდ ჩატარებული ნააკი მოწმობს, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი იყო უძლური სისტემური რეფორმების გატარების საკითხში. ერთი მხრივ, პარლამენტი სუსტია რადგან არ იყენებს მის ხელთ არსებულ კონტროლის მძლავრ მექანიზმებს, მეორე მხრივ, მაშინაც კი, როცა პარლამენტი იწყებს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, ის რაიმე შედეგით არ სრულდება. მიზეზი შესაძლოა იყოს ფარული ლობიზმი, რომელსაც არაერთხელ ჰქონია პარლამენტში ადგილი. ასევე, ის ფაქტიც, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი გადაწყვეტილებები არა პარლამენტში, არამედ მის მიღმა მიიღება.
(1)- საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ 2018 წლის კვლევის მიხედვით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69%-ს შეადგენს. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი 36%-ია (2016 წლის მაჩვენებლით). ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს. ხელმისაწვდომია: http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2018/09/Pharmaceuticals_Barometer-XI-compressed.pdf
(2)-საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ 2018 კვლევის მიხედვით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებით კი ასეთი ოჯახების მატება მოსახლეობაში ფარმაცევტულ საშუალებებზე დახარჯული თანხების მატებასთან არის დაკავშირებული (სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვა, მსოფლიო ბანკი 2017). ხელმისაწვდომია: http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2018/09/Pharmaceuticals_Barometer-XI-compressed.pdf