2024 წლის 26 მარტს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა “ერთა ლიგის” ეგიდით ტარდება, ხოლო მატჩის გამარჯვებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვდება. ფეხბურთის მოედანზე, მით უმეტეს ფინალში, გუნდები თანასწორებად ითვლებიან, რადგან, საფეხბურთო ისტორიის თანახმად, მწვანე საფარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ასე არ არის ეკონომიკაში, რომელიც დიდწილად, რიცხვებს და ობიექტურ ჭეშმარიტებებს ეფუძნება, რის გამოც გადავწყვიტეთ, საქართველოს და საბერძნეთის ეკონომიკების შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვეთ, რათა ავხსნათ, თუ რაში გვისწრებს და რაში ვუსწრებთ საბერძნეთს.
2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 30.5 მილიარდი დოლარია, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით კი ის 8,210 დოლარს შეადგენს, რადგან საქართველოში, მოგეხსენებათ, 3 მილიონ 736 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საბერძნეთის შემთხვევაში, ყველა ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო დიდია, რადგან საბერძნეთი, მოგეხსენებათ, ასე თუ ისე განვითარებული განვითარებული ქვეყანაა, რომელიც, ამასთანავე, ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფოა. საბერძნეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 217 მილიარდ დოლარს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით კი ის 20,876 დოლარს უდრის, ხოლო ქვეყანაში 10 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს. საინტერესოა, რომ მშპ-ის მაჩვენებლით, საბერძნეთი ევროკავშირში მე-16 ადგილს იკავებს, მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით კი - 21-ე ადგილს. საინტერესოა, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის, იგივე PPP-მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბერძნეთი ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მხოლოდ ბულგარეთს უსწრებს.
საბერძნეთის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი სერვისებზე მოდის, რომლის მნიშვნელოვანი ძრავი - ტურისტული სექტორია, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ მოგზაურს ემსახურება. ტურიზმთან ერთად, სერვისების კუთხით მნიშვნელოვან წილს ვაჭრობაც იკავებს, მაგრამ ეკონომიკის მეხუთედი - ინდუსტრიულ წარმოებაზე მოდის და ამ მხრივ წამყვანი დარგები საკვების, ტექსტილის, ქიმიკატებისა და მეტალის პროდუქტების წარმოებაზე მოდის. საბერძნეთის ეკონომიკის მხოლოდ 4% მოდის სოფლის მეურნეობაზე, რაც, უმეტესწილად, ზეითუნის ზეთის, თამბაქოს და ბამბის წარმოებით შემოიფარგლება.
საბერძნეთი, მოგეხსენებათ, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროპის კონტინენტზე, მაგრამ დღეს, საბერძნეთის სახელმწიფოზე იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ საბერძნეთის ევროკავშირში გაწევრიანებით, რეალურად, მხოლოდ საბერძნეთმა იხეირა, რომელმაც ერთობლივ ბაზარზე წვდომა მიიღო, რამაც, თავის წილ, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას შეუწყო ხელი. საპირწონედ ამისა, ისტორიას საბერძნეთის საკრედიტო კრიზისი ახსოვს, რომელიც 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის გარიჟრაჟზე დაიწყო და ქვეყნის ხელისუფლების მაღალი დანახარჯებით იყო განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეთმა საკუთარი ვალდებულებების მომსახურება ვეღარ მოახერხა, რის გამოც, ქვეყნის ვალდებულებების დაფარვა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუხდათ. დეფოლტის გამო, თავდაპირველად, საბერძნეთი ღრმა რეცესიაში შევიდა, მაგრამ მას შემდეგ, საბერძნეთის მთავრობის ფისკალური პოლიტიკა უფრო მდგრადი გახდა და ქვეყანამ ზრდა განაგრძო.
ნომინალური ეკონომიკური პარამეტრებით, საბერძნეთი საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებს, მაგრამ ისმის კითხვა - არსებობს თუ არა მიმართულება, რომელშიც საქართველო საბერძნეთს გადაუსწრებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რამდენიმე პარამეტრით შეიძლება. პირველი ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საბერძნეთის, რაც, ცხადია, ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკის შედარებით მცირე ზომით, ანუ საბაზო ეფექტით აიხსნება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
კიდევ ერთი მიმართულება, რომლითაც საქართველო საბერძნეთს უსწრებს - ბიზნესის კეთების სიმარტივეა. მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის” ინდექსი, მართალია, რამდენიმე წელია, რაც აღარ გამოდის, მაგრამ ისტორიულად, საქართველო ამ რეიტინგის პირველ ათეულში ხვდებოდა, როცა საბერძნეთს, შეიძლება ითქვას, სავალალო შედეგი ჰქონდა. 2020 წელს, მაგალითად, საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა, როცა საბერძნეთი მხოლოდ 79-ე ადგილს დასჯერდა და რაკიღა მას შემდეგ, ბიზნესის კეთების კუთხით ვითარება რადიკალურად არც ერთ ქვეყანაში არ შეცვლილა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის წელსაც მსგავსი სხვაობა ფიქსირდება.