მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითეილ სექტორის მხრიდან ekalata.gov.ge-ის სოციალურ კამპანიაში ჩართულობა ნებაყოფლობითია - "რითეილ ასოციაცია"

სოფო ქაშაკაშვილი

რითეილ სექტორის მხრიდან ekalata.gov.ge-ის სოციალურ კამპანიაში ჩართულობა ნებაყოფლობითია - ამის შესახებ ამის შესახებ BMG-სთან „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შექმნილ ვებპლატფორმას რითეილერების მხრიდან, 13 დასახელების პროდუქტზე ინფორმაცია, სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიეწოდება.

„რითეილ სექტორის მხრიდან ამ სოციალურ კამპანიაში ჩართულობა არის ნებაყოფლობითი და ზუსტად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხდება. თუმცა, თვითონ რითეილიც რჩება მოგებული ამ პროცესით, რადგან კონკურენცია კიდევ უფრო მეტად მძაფრდება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, არანაირი შესაბამისი რეგულაცია მიღებული არ არის. მხოლოდ პარლამენტის რეკომენდაცია გაიცა, თუმცა, ჩვენ, „რითეილ ასოციაციის“ უკლებლივ ყველა წევრმა, თავად გამოთქვა სურვილი, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ამ კამპანიაში ჩართულიყო.

ვისაც ექნება ფასდაკლება, თავად გადაწყვეტს და თვითონ მიაწვდის ინფორმაციას. მავალდებულებელი ამ წუთას არაფერი არსებობს. თუმცა, მძაფრი კონკურენციიდან გამომდინარე, თვითონ ქსელური მარკეტების ინტერესებს წარმოადგენს, რომ თავადაც იყვნენ ჩართულები ამ პლატფორმაში და მათი პროდუქციაც ჩანდეს“ - განმარტავს სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან.

ამასთან, მისივე ცნობით, მაღაზიებს არ აქვთ ვალდებულება, სოციალური კალათის პროდუქტები ცალკე დახლებზე განათავსონ, რადგან, ქსელებში, ფასდაკლებულ პროდუქტებზე სპეციალური მანიშნებლები - „ვობლერები“ ისედაც გამოყენება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი კი, აცხადებს, რომ 12 ქსელს ვალდებულება ექნება, ekalata.gov.ge-ის პორტალზე "საუკეთესო ფასები განათავსოს", რაც, მისივე შეფასებით, საცალო ქსელებს შორის კონკურენციასაც წაახალისებს.

"აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ე.წ. სოციალურ კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების შესადარებლად, ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა, სადაც 12 ქსელურ მაკეტში 13 დასახელების ე.წ. სოციალურ პროდუქტზე არსებული ფასებია ნაჩვენები.

ვებპლატფორმის შესაქმნელად ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 53 000 ლარი გამოეყო.

ვებპლატფორმის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისიამ 1 მაისს თითქმის, სამთვიანი სამუშაო პროცესი დაასრულა და FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული და მათზე გავლენას ახდენს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები