რითეილ ასოციაციის და PMC კვლევითი ცენტრის საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევის მიხედვით, სექტორი მიმდინარე მდგომარეობას დადებითად აფასებს, რაც გლობალური საცალო ვაჭრობის სექტორში არსებული ტენდენციების მსგავსია.
კვლევაში ჩართული რიტეილ სექტორის უმრავლესობა 64% ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას დადებითად აფასებს, ხოლო 36% - ნეიტრალურად. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უარყოფითი შეფასება არც ერთ რიტეილერს არ დაუფიქსირებია.
მიმდინარე წელს რიტეილერთა დიდი ნაწილისთვის - 82%-სთვის გაყიდვების დინამიკა გაიზარდა, ხოლო 9%-ისთვის კვლევადია. ამასთანავე, 2023 წელს ონლაინ გაყიდვების დინამიკაგამოკითხული კომპანიების 45%-ისთვის მზარდია, 27%-ისთვის წინა წლის მსგავსი, ხოლო 9%-ისთვის კლებადი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანიების 18%-ს არ გააჩნია ონლაინ გაყიდვები.
კვლევის ავტორებმა დარგის წარმომადგენლებს 2024 წლის მოლოდინებიც შეაფასებინეს. შედეგების მიხედვით, საცალო ვაჭრობის სექტორის მოლოდინები მომდევნო წელთან დაკავშირებით დადებითია.
გამოკითხული კომპანიების 91% 2024 წელს გაყიდვების დინამიკის ზრდას ელის. ამასთან, 2024 წლისთვის კომპანიების 73% ონლაინ გაყიდვების ზრდას ელის.
„მუდმივად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში საცალო ვაჭრობის სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა საქართველოს მოსახლეობისთვის პირველადი პროდუქციის მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთანავე, საცალო ვაჭრობის სექტორი საქართველოში დასაქმების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. კერძოდ, 2018-2022 წლებში, საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 116 ათასს შეადგენდა, რაც ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 16%-ია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციას ძირითადად საცალო ვაჭრობის სექტორში დასაქმებით ახერხებს. გარდა ამისა, საცალო ვაჭრობის სექტორის მთლიანი ბრუნვა 2018-2022 წლებში, მთლიანი ბიზნესსექტორის ბრუნვაში მოწინავე ადგილს იკავებდა და საშუალოდ მთლიანი ბრუნვის 14%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სექტორებს შორის საცალო ვაჭრობა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2022 წელს სექტორში შემავალი ეკონომიკური სუბიექტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მთლიანი საბიუჯეტო გადასახადების 12%-ს შეადგენს“, - ნათქვამია საცალო სექტორის ბაზრის კვლევის შედეგებში.