მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები, რომლებიც საცალო ვაჭრობის სექტორს აწუხებს

საქსტატი

სამუშაო ძალის ნაკლებობა, მაღაზიებში დაფიქსირებული ქურდობები და მათთან დაკავშირებული დავები, 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სექტორებიდან რიტეილ სექტორის ამოღების შედეგად გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი - სწორედ ეს გამოწვევები დაასახელეს ყველაზე პრობლემურად საქართველოში მოქმედი საცალო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს რითეილ ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის დროს. კვლევა დარგში არსებული ვითარების შესწავლას ისახავდა მიზნად.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები შეფასდა. გამოკითხულმა რიტეილერებმა ხელის შემშლელი ფაქტორები პრობლემის სიმწვავის მიხედვით ოთხ კატეგორიაში „არ წარმოადგენს პრობლემას“, „ნაკლებად პრობლემურია“, „პრობლემურია“, „ძალიან პრობლემურია“ გადაანაწილეს.

რითეილ სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობისთვის 73%-ისთვის ყველაზე ხშირად ძალიან პრობლემურ საკითხად სამუშაო ძალის ნაკლებობა დასახელდა, რასაც 45%-ით მაღაზიებში დაფიქსირებული ქურდობები და მათთან დაკავშირებული დავები და 27%-ით 48-საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სექტორებიდან რიტეილ სექტორის ამოღების შედეგად გაზრდილი სახელფასო ბიუჯეტი მოსდევდა.

პრობლემურ საკითხად ასევე ხშირად დასახელდა მაღალი საოპერაციო ხარჯები (64%), სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები (36%), და ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა (36%). ახალი რეგულაციებიდან, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნესის ოპერაციულ ხარჯებს, ყველაზე ხშირად 48-საათიანი სამუშაო რეჟიმის გაუქმებას ასახლებენ.

„სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საცალო ვაჭრობის სექტორი აღარ მიეკუთვნება იმ სექტორებს, რომლებსაც შეუძლიათ დასაქმებულისთვის ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობის 48 საათამდე განსაზღვრა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, PMC კვლევითი ცენტრის გამოთვლების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ დამატებითი სახელფასო ხარჯი სამუშაო წლის განმავლობაში დაახლოებით 15%-ით გაიზრდება. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სექტორში მწვავე სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის გათვალისწინებით, სექტორის მოქნილობა, რომ გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა და სახელფასო ხარჯები შეინარჩუნოს იგივე დონეზე, შეზღუდული იქნება“, - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

კვლევაში ჩართული სექტორის წარმომადგენლები ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებად ასევე რეგულაციების სიმრავლეს და მათგან გამოწვეული ჯამური ხარჯების სიდიდეს ასახელებენ, მათ შორის, ახლადგანსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსება/დამონტაჟების ვალდებულებას და სხვადასხვა რეგულაციასთან დაკავშირებული ჯარიმის ოდენობებს.

ამავე კვლევის შედეგებში ვკითხულობთ, რომ რიტეილ სექტორის წარმომადგენლებისთვის ნაკლებად პრობლემური აღმოჩნდა მაღალი კონკურენცია სხვა ქსელურ რიტეილერებთან, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მომიჯნავე სექტორებთან მჭიდრო ურთიერთკავშირი.

კვლევის ფარგლებში, შედარებით განსხვავებული ტიპის პრობლემები გამოიკვეთა დისტრიბუციის სექტორში, სადაც პრობლემურ საკითხებად ყველაზე ხშირად დასახელდა მაღალი კონკურენცია სხვა დისტრიბუტორებთან, მაღალი საოპერაციო ხარჯები, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და სამუშაო ძალის ნაკლებობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები