მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რითეილ აკადემიის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ“ - „ასოციაცია“

643fdc40e1753
ნანუკა ნარიმანიძე
19.04.23 18:44
563
რითეილ ასოციაცია საგანმანათლებლო აკადემიის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის დახმარებითაც პოტენციურ დასაქმებულებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება, - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ სოფიო ქაშაკაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია წევრი კომპანიების თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლება, წელიწადში რამდენჯერმე, ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვით, გვაქვს სხვადასხვა კურსები და ტრენინგები. გადავწყვიტეთ ეს აქტივობა მასშტაბური გავხადოთ და ჩამოვაყალიბოთ „რითეილ აკადემია“, რომელიც მიმზიდველი იქნება პოტენციური დასაქმებულებისთვის, ვინაიდან მათ კარიერული ზრდის პერსპექტივა აქვთ. საწყის ეტაპზე აკადემია საშუალო რგოლის მენეჯერებს მოემსახურება, მიღება გაზაფხულზე და შემოდგომაზე იქნება“, - განმარტა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ამასთან, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ იმ რეგულაციების პაკეტზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სურსათის დონაცია და ნარჩენების შემცირება მოხდება.

„აქამდე ბიზნესები სურსათის დონაციის დროს იბეგრებოდნენ, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო მათთვის, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით გვექნება საგადასახადო შეღავათები და, ფაქტობრივად, გათავისუფლებული ვიქნებით გადასახადებისგან. ამ მიმართულებით გამოცხადებულია ევროკავშირის გრანტი, ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა და კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ რეგულაციაზე“ - აღნიშნა მან.

ცნობისთვის „რითეილ ასოციაცია“ 2021 წელს დაარსდა, ის 13 ქსელურ მარკეტს აერთიანებს, საიდანაც 12 სასურსათოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები