მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ რითეილ ასოციაციაში სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის შეჩერებას?

64a2ddf01915d
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 23:31
596
„იმდენად აქტუალურად არ მიგვაჩნია ახალი კანონის მიღება” – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა BM.GE-ს კითხვას შემოდო თუ არა მთავრობამ სურსათის ფასების რეგულირების მიზნით სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტის მომზადება. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის ამ ინიციატივაზე პრემიერის დავალებით ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობდა. კანონპროექტს დისტრიბუტორებისა და რითეილ სექტორს შორის სამართლიანი ვაჭრობის წესები უნდა განესაზღვრა.

რამდენიმეთვიანი განხილვებისა და მსჯელობის შემდეგ კი ლევან დავითაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომელსაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰქონდეს ბიზნესზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა გრძელვადიანად ვუყურებთ ამ პროცესს“.


როგორ აფასებენ რითეილ ასოციაციაში ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ - ეს კითხვები BM.GE-მ „რითეილ ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე სოფიო ქაშაკაშვილს დაუსვა. გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასოციაცია ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თავიდანვე არ იწონებდა, რადგან ის ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად მიაჩნდა. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ საკითხის აქტუალობის დაკარგვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია დღემდე არ ჰქონდათ და ამის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

„ჩვენი პოზიცია გვქონდა, რომ კანონპროექტი, რომელიც შეიმუშავეს არ მისდევდა ევროდირექტივას და ბიზნეს საქმიანობაში უხეში ჩარევა იყო. თუ ეს ინიციატივა ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებისთვის იქნებოდა მაშინ მივესალმებოდით, მაგრამ ამ რედაქციას არ ვეთანხმებოდით. აღნიშნული რედაქციით სახელშეკრულებო პირობებში უხეში ჩარევა ხდებოდა. ვთვლით, რომ ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ორი ბიზნესსუბიექტის ვაჭრობის საგანია. საბოლოო ჯამში კონსულტაციების შედეგად გადაწყდა ის, რაც დღეს გაჟღერდა“, - განმარტავს ქაშაკაშვილი.

ის თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ბიზნესის აქტიური კომუნიკაციის შედეგია.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა, ისევე როგორც ვიცი ჩაატარეს კვლევა და ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია. საბოლოო ჯამში ასე ჩამოყალიბდნენ, რომ არ არის აქტუალური.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დროს თანამშრომლობისთვის და მთავრობასთან და დისტრიბუტორებთან პროაქტიული მუშაობისთვის“, - განაცხადა რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ საკითხის განახლების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას, რადგან ბაზარზე კონკურენცია მაღალია, დისტრიბუტორებთან ხელშეკრულებები კი ინდივიდუალურად დგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები