1 იანვრიდან კერძო და საჯარო საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სავაჭრო ცენტრებს, ბაზრობებს და იმ საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 500 ათას ლარს აღემატება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღჭურვა კანონით დაევალათ. აღნიშნული რეგულაცია ძალაში გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო, თუმცა კერძო სექტორის ინიციატივითა და მოთხოვნით, ბიზნესს მოსამზადებელი ვადა გაუხანგრძლივდა.
როგორც “საქართველოს რითეილ ასოციაციის” ხელმძღვანელი, სოფიო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, მოსამზადებელი ვადის გახანგრძლივებასთან ერთად, გამოწვევები არ გამქრალა. სამეთვალყურეო სისტემის დანერგვა ბიზნესს საოპერაციო ხარჯებს უზრდის.
“ტექნიკური მოთხოვნები იმდენად მაღალია, რომ ბიზნესს საოპერაციო ხარჯი ეზრდება. რასაკვირველია, სექტორი აქამდეც ფლობდა უმაღლესი ხარისხის კამერებს და თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან, თუმცა ახალ რეგულაციებზე მორგებით, თითოეული კამერა საშუალოდ 700-800 ლარი ჯდება და ერთი ცალი საკმარისი არ არის, არამედ საჭიროა ორი მთავარ და რამდენიმე სათადარიგო შესასვლელთან. ჩვენს სექტორში 1600-ზე მეტი ობიექტია და შესაძლოა, 4-6 მილიონი დაგვიჯდეს წლის განმავლობაში, რომ ამ ახალ რეგულაციებზე გადავეწყოთ”, - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი და დასძენს, რომ პრობლემაა ჯარიმებიც, რომლებიც დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში 3 000 ლარით განისაზღვრა.
რეგულაციის თანახმად, მოთხოვნების შესაბამისობას 112-ის სამსახური ადგენს, თუმცა წარმოებულ მონიტორინგთან მას სინქრონული წვდომა არ გააჩნია.
“ვიდეოჩანაწერები თავად ობიექტზე ინახება და რეგულაცია გვავალდებულებს, ვიქონიოთ მონიტორიც, რომლის საშუალებითაც სამართალდამცავი ნებისმიერ დროს შეძლებს ჩანაწერის ნახვას. საჭიროების შემთხვევაში კი ობიექტმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ჩანაწერების გაცემაც.
თუ ტექნოლოგიები რეგულაციასთან შესაბამისობაში არ არის, ჯარიმა 3 000 ლარია, თუმცა, პირველად აღმოჩენის შემთხვევაში უწყება მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება”, - ამბობს ქაშაკაშვილი.