მთავრობის ახალი პლატფორმა რითეილ სექტორში კონკურენციას მნიშვნელოვნად გაამძაფრებს, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლის ინტერესებზე აისახება - ამის შესახებ BMG-სთან „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, სექტორი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას განაგრძობს - პლატფორმის ამოქმედებამდე რითეილერებმა დიდი სამუშაო გასწიეს.
„მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით კონკურენციის სააგენტოსთან. შესაბამისად, თვითონ რითეილ სექტორსაც დიდი წვლილი აქვს ამ პლატფორმის ამოქმედებაში.
საიტზე ძალიან მარტივად შეიძლება ერთი პროდუქციის გაფილტვრით დავინახოთ, ყველა სხვა ქსელურ მარკეტში რა ფასებია პროდუქტზე, რაც შედარების უნარს აძლევს როგორც მომხმარებელს, ისევე ბიზნესს. შესაბამისად, კიდევ უფრო გამძაფრდება კონკურენცია და ყველა ქსელი ეცდება, კიდევ უფრო მიმზიდველ ფასებად შესთავაზოს მომხმარებელს ეს პროდუქცია“ - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან.
კითხვაზე - რატომ ფიქსირდება პლატფორმაზე სხვადასხვა ქსელების ზოგიერთ პროდუქტზე ფასების მკვეთრი სხვაობა, ასოციაციის ხელმძღვანელი ამას მაღაზიების ფორმატების განსხვავებით ხსნის:
„პირველ რიგში, უნდა მივაქციოთ ყურადღება თვითონ მაღაზიის ფორმატს. ჩვენ საკმაოდ განებივრებული ვართ სხვადასხვა ფორმატის ქსელური მარკეტებით - არის "დისკაუნტერის" ტიპის მარკეტები და არის უფრო მაღალ სეგმენტზე გათვლილი ქსელური მარკეტები, რომელიც არ არის ორიენტირებული დაბალ ფასზე, არამედ - მაღალ ხარისხზე.
შესაძლოა, ეს იყოს უფრო დიდი მაღაზია, სადაც უფრო დიდი იჯარის გადახდა უწევთ, ჰყავთ სხვანაირად გადამზადებული თანამშრომლები, სთავაზობენ სრულ კონსულტირებას და ა.შ. ასეთ მაღაზიებში, შესაძლოა, იყოს ფასთა სხვაობა იმიტომ, რომ საოპერაციო ხარჯიც უფრო მაღალი ჰქონდეს“ - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
რაც შეეხება საკითხს - ე.წ. სოციალურ კალათაში შემავალი პროდუქტებისთვის ქსელურ მარკეტებში გამოიყოფა თუ არა სხვადასხვა სივრცეები, „რითეილ ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მსგავსი რამ დაგეგმილი არ არის.
„ამ ნაწილში, თავიდანვე იყო მისკომუნიკაცია. ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ამ კალათას არ ექნება ნამდვილად, კალათის ფორმა და არ იქნება კონკრეტულ ადგილას განთავსებული. რასაკვირველია, თითოეული რითეილერი თავად გადაწყვეტს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, როგორ განათავსოს ეს პროდუქცია. შეიძლება, რომელიმე რითეილერმა ცალკე დახლი გააკეთოს კიდეც, ამ პროდუქციის.
თუმცა, „ვობლერებით“ ან სხვა ნიშნებით, ყველას აქვს მითითებული - რომ ეს ის სოციალური პროდუქტია, რაზეც ეს სოციალური კამპანია ვრცელდება. მაგრამ ის, რომ ამისთვის ცალკე იქნება გამოყოფილი ადგილები, ცალკე დახლები, ცალკე კალათები - მსგავსი ვალდებულება რასაკვირველია, არ გვაქვს და თვითონ ქსელური მარკეტის კეთილი ნება იქნება, რომ ასეთი ადგილები გამოყოს“ - განმარტავს სოფო ქაშაკაშვილი.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ე.წ. სოციალურ კალათაში შემავალი პროდუქტების ფასების შესადარებლად, ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა, სადაც 12 ქსელურ მაკეტში განთავსებულ 13 დასახელების პროდუქტზე არსებული ფასებია ნაჩვენები.
ვებპლატფორმის შესაქმნელად ფული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იხარჯება. განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს 53 000 ლარი გამოეყო.
ვებპლატფორმის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისიამ 1 მაისს თითქმის, სამთვიანი სამუშაო პროცესი დაასრულა და FMCG სექტორში ფასების ფორმირების მექანიზმების შესახებ ვრცელი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში სასურსათო პროდუქტების ფასები არ არის ერთ ფაქტორზე დამოკიდებული და მათზე გავლენას ახდენს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე.




























