მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ ყოველწლიურად უარესდება სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის წაყენებული პირობები, რომლითაც სასურსათო პროდუქტი სუპერმარკეტებში თავსდება.
როგორც პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, არის შემთხვევები, როდესაც სავაჭრო ქსელის მიერ მიმწოდებლისთვის დაწესებული ე.წ „ქეშბექი“ სხვადასხვა პროდუქციაზე 35% და 50%-იცაა.
ალექსანდრე რატიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები პროდუქციის ფასში აისახება. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობამ სექტორში გარკვეული რეგულირების წესები შემოიღოს, თუმცა იმგვარად, რომ ყველა მხარის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.
„დიდ პატივს ვცემ რითეილ სექტორს, რომ არა ისინი, ჩვენ ვერანაირ პროდუქტს ვერ გავყიდდით. ნებისმიერი ბიზნესის საბოლოო მიზანი, რომელიც რაღაცას აწარმოებს ან იმპორტით შემოაქვს, არის გაყიდვა. თორემ შეგვიძლია ვაწარმოოთ პროდუქციის მთები, მაგრამ თუ არ გაყიდე, რა თქმა უნდა, ტყუილია მთელი ეს ამბავი.
მაგრამ არის ძალიან დიდი „მაგრამ“. იმათაც [რითეილ სექტორმაც] ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ მათზე ვართ დამოკიდებული და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ყოველწლიურად უარესდება და უარესდება მათ მიერ წამოყენებული პირობები, რა პირობებითაც გვაძლევენ საშუალებას, რომ თაროზე განვათავსოთ პროდუქტი. იმ დონეზეა მისული საქმე, რომ ეს ყველაფერი პროდუქტის საბოლოო ფასში აისახება. სხვა გზა მწარმოებლებს არ გვაქვს. ჩვენ ჩვენი ბიზნესი და ხარჯები გვაქვს, ელემენტარულად ნედლეულის შეძენა გვჭირდება, ხელფასების გადახდა გვჭირდება, კომუნალური გადასახადები... უამრავი ხარჯია, წარმოებას თავისი სპეციფიკა აქვს, ძალიან ფართომასშტაბიანი და ისეთი პირობების წამოყენებით, რასაც რითეილერები ჩვენ გვიყენებენ, შეუძლებელია ამ წარმოებების გადარჩენა.
მე როგორც ბიზნესმენი და თავისუფალი მოქალაქე, თავისუფალი ბიზნესის მომხრე, ყოველგვარი რეგულაციების წინააღმდეგი ვარ ზოგადად. მაგრამ ვაჭრობა არის ისეთივე დარგი, როგორიც არის ჯანდაცვა, ენერგეტიკა, როგორიც არის მშენებლობა და ა.შ. როგორ შეიძლება ამხელა დარგი არსებობდეს რაღაც ჩარჩო ურთიერთობების დაწესების გარეშე?
ერთ ციფრს გეტყვით, ერთ-ერთ ქსელში, რომელშიც ჩვენ შევდივართ, ე.წ. „ქეშბექი“ ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გვაქვს 35%, მეორე პროდუქტზე 50%. არ გინდა? წადი! ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ძალიან კმაყოფილი ვარ პრემიერის ამ ინიციატივით, [ფასების კომისიის შექმნა] ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წინა პრემიერებისგან და წინა სახელისუფლებო წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ეს საქმე ბოლომდე მივა ისე, რომ არცერთი ბიზნესი არ უნდა დაიჩაგროს, იმათი ინტერესებიც უნდა იყოს დაცული“, - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.
ცნობისთვის, მთავრობის "ფასების კომისია" სურსათის მაღალი ფასების გამოსაკვლევად, შეხვედრას ორშაბათს მწარმოებლებთანაც გეგმავს. სუპერმარკეტებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფასნამატი პროდუქტებზე 86%-ს შეადგენს. კომისიის საქმიანობის შედეგები, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.




























