მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი ამართლებს ქვრივიშვილი Wizz air-ის მხოლოდ რამდენიმე რეისისთვის აეროპორტის ამუშავებას?

5f79d1b8dae9b
თამთა ჯიჯავაძე
04.10.20 17:00
1750
დღეს ვდგავართ იმ მოცემულობაში, რომ ყველამ პანდემიასთან ერთად უნდა განვაგრძოთ თანაცხოვრება და ბიზნესის განვითარება. Wizz air-ის თემა არის ამ პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც ჩვენ გვიწევს ვიყოთ ერთდროულად ფრთხილები და თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა გიორგი ისაკაძემ ქვრივიშვილს ქუთაისის აეროპორტის მუშაობის და რამდენიმე აღდგენილი რეისისთვის არსებული საოპერაციო ხარჯების ეფექტურობის შესახებ ჰკითხა.

„თქვენი სამართლიანი კითხვა ეფუძნება იმას, თუ რამდენად სწორია საოპერაციო ხარჯების კუთხით მხოლოდ ოთხი რეისი.. ჩვენ ამას ვუყურებთ გრძელი სურათის ფარგლებში, მთავარია დაიწყოს, და უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ქუთაისისთვის, აეროპორტისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით მოკლე და საშუალოვადიანი გადმოსახედიდან რა სიხშირეზე ადის ავიაკომპანია და რა თქმა უნდა, ეს ფინანსურად გამართლებულია“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. ცნობისთვის, ქუთაისის საერთშორისო აეროპორტში დღეს 6-თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარული რეისები განახლდა რიგის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა ავიაინდუსტრიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობაზეც.

„ავიაცია ჩემთვის ერთი მხრივ ძალიან ახლოს მდგომი ინდუსტრიაა. ფაქტობრივად შვიდი წელი საავიაციო და ტურიზმის კერძო სექტორიდან მოვდივარ და ძალიან კარგად მესმის რამხელა ძალა აქვს ავიაკომპანიას და განსაკუთრებით ძლიერ ავიაკომპანიას. როდესაც კერძო სექტორში ვიყავი ჩვენი ქვეყნისთვის, უამრავი ფინანსური და არაფინანსური სარგებლობის მქონე კამპანია გაგვიტარებია ისე, რომ სახელმწიფოს არ დასჭირვებია დამატებითი რესურსების მობილიზება.

ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული თანამშრომლობა ავიაკომპანიებთან, განსაკუთრებით მარკეტიგუნული კამპანიების და ერთობლივი აქტივობების ფარგლებში, სადაც ჩვენ კარგად გვესმის რომ ავიაკომპანიის და ქვეყნის სამიზნე აუდიტორია არის იდენტური, ჩვენ გავაერთიანეთ ძალები, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ფრენას შეასრულებდა ავიაკომპანია, რაც უფრო სწორ სეგმენტზე გავიდოდით ერთობლივად, იმიტომ რომ ავიაკომპანიას თავისი დაფარვის ზონა აქვს მთელ მსოფლიოში და საქართველო ერთ-ერთ იმ ქვეყნებს შორის იყო, სადაც დაფრინავდნენ, ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო, რომ საქართველო გამხდარიყო მათთვის ისეთი პრიორიტეტული, რომ მათ მარკეტინგულ ბიუჯეტში ჩამჯდარიყო.

ეს ცალსახად გამოვიდა. რა თქმა უნდა, გამოსაყოფია ალბათ კონკრეტულად რამდენიმე ავიაკომპანია და აქ არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ჩვენთვის სტრატეგიული ევროპის ქვეყნებს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ვგულისხმობ, ამ კუთხით ბევრი ძალიან ღირებული საერთო პროექტი განხორციელდა“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა. 

ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის მე-8 ნომრად დაასახელა, რის გამოც მას მალე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება მოუწევს. მისი შემცვლელის პოვნის მიზნით კი გამოცხადდება ვაკანსია.

ქვრივიშვილი აღნიშნულ პოზიციას დაახლოებით ერთი წლისა და რვა თვის განმავლობაში იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები