მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რითი ხსნის ნათია თურნავა მთავრობის მოლოდინზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას 2019 წელს?

5e33f73d37bb7
თელარა გელანტია
31.01.20 13:44
1343
„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინასწარ შევაჯამოთ გასული წლის ეკონომიკური მონაცემები - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც თავისთავად მაღალი მაჩვენებელია”, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა წინასწარ პროგნოზებზე გაცილებით უფრო მაღალია.

„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.5%-ს შეადგენდა, რაც განპირობებული იყო რეგიონში არსებული გამოწვევებითა და ზოგადად, გლობალური ეკონომიკის ნელი განვითარებით. თუმცა, როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ეს პროგნოზი არ გამართლდა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველ რიგში,, ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ საერთაშორისო არენაზე და სწორედ ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - 3 771.5 მლნ. დოლარს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის შედეგად, ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად ძლიერი და ფეხს იკიდებს პირველ რიგში ევროპულ ბაზრებზე, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში“, გააქტიურებული პრივატიზების თუ გააქტიურებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემა - ხდება ქართული ბიზნესის დახმარება და მათთვის დამატებითი ბიძის მიცემა განვითარებისთვის.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუ უფრო დეტალურად ჩავხედავთ ეკონომიკური ზრდის დარგობრივ სტრუქტურას, სწორედ მრეწველობის დამამუშავებელი სექტორი ლიდერობს, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ტურიზმის ინდუსტრიაში - რესტორნებსა და სასტუმროებში, ჩვენი სერვისის ინდუსტრიაც უფრო ძლიერი ხდება.
„და ეს მიუხედავად იმ გამოწვევისა, რის წინაშეც გასულ წელს აღმოვჩნდით - ვგულისხმობ 20-21 ივნისის შედეგებს, მაგრამ მაშინაც საქართველოს მთავრობამ საკმაოდ სწრაფად შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და გვერდში დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, რამაც საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები