მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[რიჟვაძესთან] პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს - კობახიძე

კობახიძე

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი მიმართულებით მიდის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობა ტექნიკური მიზეზების გამო არ ჰქონია. მან ისიც თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის საქმესთან დაკავშირებით, კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ.

„მე არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო, ტელეფონი მას არ აქვს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგი მიმართულებით. ეს არის ჩვენთვის მთავარი.

რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება წარიმართება... რაც შეეხება ინფორმაციას, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რომელიც არსებობს, შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან და ამ კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ, ეს არის ისეთი კადრები, რომელიც ამ შემთხვევას უშუალოდ არ ასახავს, თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, საზოგადოებისთვის, დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, შემდეგ კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა.

9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები