მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რკინიგზა ყოველთვის სახელისუფლებო სალარო იყო" - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

"რკინიგზა ყოველთვის იყო სახელისუფლებო სალარო" - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ანალიტოკოსმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა დროს "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კორპორატიული მართვის დირექტორი და გენერალური დირექტორის კონსულტანტი იყო.

მისი თქმით, კორუფცია ავტორიტარული სისტემის არსებობის მთავარი გარანტია, ხოლო თავად რკინიგზა წლების განმავლობაში იყო სისტემური კორუფციის ინსტრუმენტი.

"კორუფცია ავტორიტარული სისტემის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მსგავსი მოდელი ერთგვარ ურჩხულს ჰგავს, რომელსაც მუდმივი კვება სჭირდება, ეს კვება კი, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკის კომერციალიზაცია ვერ ხერხდება, მხოლოდ კორუფციის საშუალებითაა შესაძლებელი. ბუნებრივია, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებისას სისტემა მხოლოდ ხელფასზე არ იმუშავებს. აქედან გამომდინარე, კორუფცია იქცევა მოცემულობად და ასეთ ეკონომიკურ სისტემაში კორუფციული ელემენტი თავიდანვე დევს, რადგან მის გარეშე არსებობა უბრალოდ შეუძლებელია.

შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, რკინიგზა ყოველთვის იყო ერთ-ერთი ძირითადი სახელისუფლებო სალარო, სადაც ე.წ. შავი ფული აკუმულირდებოდა. 2003 წელს, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოში ვიყავი, გვქონდა პოლიტიკური ნება, რომ ეს სალარო გაგვეუქმებინა და შემოსავლების ლეგალიზაცია მოგვეხდინა. მაშინ საუბარი იყო 15-20 მილიონ დოლარზე, რომელიც უშუალოდ რკინიგზის ბიუჯეტში მივმართეთ. თუმცა, ეს პროცესი მხოლოდ ექვსი თვე გაგრძელდა. შემდეგ ზემოდან მოვიდა დირექტივა "შავი სალაროს" აღდგენის შესახებ", - იხსენებს ხუხაშვილი.

ხუხაშვილის შეფასებით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება ჯართის რეალიზაციის საქმეზე მეორეხარისხოვანია, რადგან ძირითადი კორუფციული რისკები ბევრად მსხვილ მიმართულებებს უკავშირდება.

"ძირითადი შემოსავლები, რა თქმა უნდა, მოდის გადაზიდვებიდან, შესყიდვებიდან და მშენებლობებიდან. დღეს თავად გადაზიდვების სისტემური სქემაა კორუფციული - გარკვეული მიმართულებები მონოპოლიზებულია. მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას პირდაპირ რკინიგზასთან კონტრაქტს ვერ გააფორმებთ, ყველაფერი შუამავლების გავლით უნდა გააკეთოთ. ასევე ბუნდოვანია მსხვილი სამშენებლო პროექტები, მათ შორის გვირაბების მშენებლობა ჩინური კომპანიების მიერ", - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტთან დაკავშირებითაც, რადგან ტვირთების გადანაწილების გამო ქართული პორტები შემოსავლებს კარგავენ.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "საქართველოს რკინიგზის" ექსდირექტორის, დავით ფერაძის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა რეალურ ანტიკორუფციულ რეფორმას არ უკავშირდება და მას "მოლარის ჩანაცვლებას" უწოდებს.

"ეს ყველაფერი ფსევდოკამპანიური ხასიათისაა. მოლარე ერთი იყო და ახლა სხვას ნიშნავენ - ძველი დაიჭირეს, ახალს კი დანიშნავენ. ბიძინა ივანიშვილი ამით პოლიტიკურ ქულებს იწერს. მისი სტილია, ადამიანებს მისცეს ფულის შოვნის საშუალება, რათა შემდეგ ისინი მასზე იყვნენ დამოკიდებულნი. ეს თანხები მხოლოდ კონკრეტული პირების ჯიბეებში არ მიდიოდა, ის პარტიულ, სახელისუფლებო სალაროში ნაწილდებოდა.

კორუფცია ეს იმიტომ კი არ არის, რომ ვიღაცას მაინცდამაინც ჯიბეში მიაქვს ან ბიძინას ჯიბეში დევს. არა, ბიძინა ძალაუფლებას ინარჩუნებს ამ კორუფციის მეშვეობით. მას არა თუ არ ჰქონდა კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება, არამედ თავიდანვე იცოდა, რომ კორუფციაზე უნდა დამდგარიყო და მას უნდა დაყრდნობოდა ძირითადად. ასე რომ, რა კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ საერთოდ?", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძისა და კიდევ 7 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები