მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რკინიგზამ 8,600 ლარით მეტი ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვაა - აუდიტი

6414891cde00d
ალა ისპირიანი
17.03.23 20:13
1047
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად კომპანიაში შესყიდვების კანონმდებლობის ხარვეზი გამოვლინდა.

"2021 წელს გამოცხადებული 1,400,000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის საგანს სამგზავრო გადაყვანების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა წარმოადგენდა.

არასათანადოდ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კომპანიამ ტენდერში უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა. კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებული ფასების ცხრილში ცალკეული პოზიციის ღირებულებების ჯამი 0.06 აშშ დოლარით ნაკლები იყო, ამავე ფასების ცხრილში მითითებულ ჯამურ/საერთო ღირებულებაზე.

კომპანიამ ელექტრონულ ტენდერებში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების არსებულ რეგულაციებში მოქნილი მექანიზმის არარსებობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს და გააფორმა 8,600 ლარით მეტი ღირებულების ხელშეკრულება.

ამრიგად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი რეგულაციები სრულად ვერ უზრუნველყოფს შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზნის − სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას", - წერია აუდიტის ანგარიშში. 

რეკომენდაცია:  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, იმსჯელოს ელექტრონულ ტენდერებში პრეტენდენტთა შერჩევა/შეფასების არსებულ რეგულაციებში მოქნილი მექანიზმების დანერგვაზე.
 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები