საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის - "ჯიარ ქონების მართვის" მიერ ბათუმში საპრივატიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონება ვერ გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანახმად, სამ ლოტზე, რომელთა ფართობიც საერთო ჯამში 107,586 კვადრატულ მეტრს შეადგენდა გამოცხადებული იყო 59,712,497 ლარის საწყისი ღირებულების აუქციონი, თუმცა მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, რის გამოც ის უშედეგოდ დასრულდა.
უძრავი ქონება თამარ მეფის გამზირზე, ნომერ 15-ში მდებარეობს. ტერიტორიას "ბათუმის სატვირთო ეზო" ეწოდება და ის წარსულში ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას ატარებდა. უშედეგოდ დასრულებულ აუქციონში ერთი კვადრატული მეტრის საწყისი ფასი 555 ლარს, ანუ 206 დოლარს შეადგენს.
მას საქართველოს რკინიგზის უძრავი ქონების მართვის კომპანია "ჯიარ ქონების მართვა" ფლობს. ამასთან, ამ სამი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ იყიდებოდა 18,931 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, რომელიც ოქტომბერში გამოცხადებულ აუქციონში 13.6 მილიონ ლარად გაიყიდა. მესაკუთრის ცვლილება უკვე აისახა საჯარო რეესტრში, რომლის თანახმადაც ამ მიწის ნაკვეთი შპს "კორეან ელექტრონიკსმა" შეიძინა. ამ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ბიზნესმენი გიორგი ქიძინიძეა.




























