უკანასკნელ პერიოდში ელექტროენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობების დამზადების, მონტაჟისა და ექსპლუატაციის დადგენილი სტანდარტების უგულებელყოფამ, საგრძნობლად გაზარდა ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. სხვა ფაქტორებთან ერთად პრობლემის სათავეს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს დარგში არსებული გაუმჭვირვალე და სავარაუდოდ, მიკერძოებული შესყიდვები, რაც თავისთავად, საბოლოოდ, განაპირობებს მომსახურების დაბალი ხარისხის მიწოდებას და შესაბამისად ტრაგიკული შემთხვევების მომრავლებას.
"რეტკო" გახლავთ ელექტროენერგეტიკული დარგის ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც ბაზარზე 15 წელია ოპერირებს. აღნიშნული პერიოდის მანძილზე ჩვენი ორგანიზაცია ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების, გენერაციისა და გამანაწილებელი კომპანიების პარტნიორია.
თითოეული დამკვეთისთვის "რეტკო" გახლავთ საიმედო და პასუხისმგებლობიანი კონტრაქტორი. პროექტის სირთულის მიუხედავად, სკრუპულოზური და ექსკლუზიური მიდგომით, ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, მდგრად და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას.
ჩვენ მიერ ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე პროექტების წარმატებით განხორციელების ფონზე, გვაქვს ამბიცია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სხვადასხვა სექტორის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეშიც. სწორედ ამიტომ კომპანია "რეტკომ’’ მონაწილეობა მიიღო "საქართველოს რკინიგზის’’ მიერ გამოცხადებულ ტენდერში 4 ერთეული დახურული ტიპის ქვესადგური, 49 ცალი 6/10 კვ ძაბვის გამანაწილებელი უჯრედით - შესყიდვაზე სატენდერო ღირებულებით 1 700 000 ლარი. მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის პირობად განსაზღვრული გახლავთ არაგონივრული და ფაქტობრივად განუხორციელებელი მიწოდების ვადა - 30 კალენდარული დღე. დარგში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით "რეტკოს’’ მიაჩნია, რომ "საქართველოს რკინიგზის’’ მიერ გამოცხადებული ტენდერით დადგენილი ვადა, ტენდერში მონაწილე ყველა კეთილსინდისიერი მონაწილისთვის გახლავთ შეუსრულებელი და ეს პირობა, მაღალი ალბათობით, წინასწარი შეცნობით მორგებულია კონკრეტული კომპანიის თუ კომპანიების ინტერესებზე.
დავების საბჭოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შესყიდვის გამოცხადების პროცესში, ჩვენი აზრით, "საქართველოს რკინიგზა"-მ არ ჩაატარა ბაზრის კვალიფიციური კვლევა, რომლითაც დადგინდებოდა მომსახურების მიღების რეალური ვადები და შესასყიდი პროდუქციის ფასი. სწორედ ამ კვლევის საფუძველზე შედგებოდა სატენდერო პირობებიც. ხარისხიანი კვლევა ასევე უზრუნველყოფდა ტენდერში მაქსიმალურად ბევრი მონაწილის ჩართულობას და შესაბამისად ბიუჯეტის სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
„რეტკო“ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ - კონკურენციის სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო
კომპანია "რეტკო’’ საზოგადოებას სთავაზობს იმ არგუმენტებს, რომლითაც ჩვენი აზრით, დასტურდება, რომ ტენდერის ჩასატარებლად აუცილებელი წინაპირობა - ბაზრის კვლევა "საქართველოს რკინიგზას’’ არ განუხორციელებია.
კერძოდ:
• ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი ანალოგიური ტიპისა და რაოდენობის პროდუქციის მოთხოვნილ ვადაში (30 დღე) შესყიდვისა. თავად „საქართველოს რკინიგზის" საკუთარი პრაქტიკა სხვა ტენდერებზეც განსხვავებულია. (დაახლოებით 15 ჯერ ნაკლები ოდენობის შესყიდვაზე რაოდენობრივად და თანხობრივად, დაწესებულია 2-ჯერ უფრო გრძელი ვადა მიწოდებისთვის (ტენდერი NAT230006842).
• ბაზრის კვლევის პროცესში არ გამოიკითხა საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები;
• ბაზრის კვლევისთვის შერჩეულნი იყვნენ ურთიერთდაკავშირებული კომპანიები. ამ კომპანიების მიერ "საქართველოს რკინიგზისთვის’’ წარდგენილი შეთავაზებების ტექსტები გახლავთ იდენტური, მსგავსი გრამატიკული შეცდომებითაც კი.
• არ განხორციელებულა საჯარო ინფორმაციის შესწავლა, თუ რა ვადებს უთითებენ მსგავსი ტიპისა და რაოდენობის პროდუქციის შესყიდვისას ანალოგიური პროდუქციის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი კომპანიები, როგორებიც არიან სს "ენერგო-პრო ჯორჯია" და სს "თელასი".
• გონივრულ არგუმენტს მოკლებულია სს რკინიგზის მსჯელობა, რომ 30 დღიანი ვადა გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, როცა აღნიშნული ტენდერი უკვე მე-4 ტარდება 2022 წლის 25 თებერვლიდან (ტენდერის ნომრები NAT220003935; NAT220011949; NAT220022860; NAT230007029)
ამ ყოველივეს გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ "საქართველოს რკინიგზა’’ გარკვეულ ტენდერებს ატარებს არასამართლიანი და არაკონკურენტული პირობებით, რაც შეუძლებელია ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების საჭიროებებსა და მოთხოვნებს, მაქსიმალურად მაღალი კონკურენციის ხარჯზე, ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსის მიღწევას.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა და მოძიებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, ჩვენმა კომპანიამ, საკითხის გასარკვევად და ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, განცხადებით მიმართა კონკურენციის სააგენტოს.
სამწუხაროდ, კონკურენციის სააგენტომ, სატენდერო პირობების კონკრეტულ ბიზნეს კომპანიებზე მორგების არგუმენტირებული და თვალსაჩინო ფაქტების მიუხედავად, არ გაითვალისწინა ჩვენი კომპანიის დასაბუთებული მოთხოვნა და აღნიშნულ ტენდერში ვერ აღმოაჩინა კონკურენციის პირობების დარღვევა.
კომპანია "რეტკო’’ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, აუცილებლად გაასაჩივრებს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას.
მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა,ა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ადამიანის, კომპანიის თუ სახელმწიფოს წინსვლა მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან გარემოშია შესაძლებელი. სწორად ამიტომ, მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნის პროცესში.
დაინტერესების შემთხვევაში, ამ მიმართულებით მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, გავაცნობთ ჩვენი ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს აღნიშნული საკითხები.
მივესალმებით, თუ ამ თემატიკით დაინტერესდებიან შესაბამისი უწყებები, სემეკი, მედია, არასამთავრობო თუ სხვა პროფილური ორგანიზაციები. კომპანია „რეტკო“ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს მათთან.
(რ)