თბილისში რკინიგზის ცენტრალური სადგურის ბაქნების რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ხდება ცნობილი.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, რკინიგზის ცენტრალური სადგურის N2 და N3 ბაქნებზე არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ტექნიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
“ბაქნებზე ზედაპირული წყლის ასარინებელი სისტემა (რკინაბეტონის ღარები) სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების მოცილებას. აღნიშნული დაკავშირებულია როგორც საპროექტო და სამშენებლო, აგრეთვე საესპლუატაციო ნორმების და წესების დარღვევასთან. ბაქნებზე შეინიშნება რკინაბეტონის კონსტრუქციების სიმტკიცის დარღვევა, რაც გამოწვეულია ძირითადად ჯდენებით, აღდგენის უხარისხო მცდელობებით მონოლითური ბეტონით და პარალელურობის დარღვევა ლიანდაგის მიმართ. ღარების განთავსებაში დარღვეულია გრძივი ქანობები, ადგილ-ადგილ კონსტრუქციული დაზიანებებია და ზოგიერთი ადგილები საერთოდ ამოვსებულია ღორღით და გრუნტით,”- ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციის თანდართულ დოკუმენტში, რომელიც არსებული ბაქნების მდგომარეობას აღწერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიებს 2019 წლის შემდეგ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 3 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რაც საძირკვლისა და რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოებს უნდა მოიცავდეს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებს საკუთარი განაცხადების წარდგენა 21-26 ივლისის პერიოდში შეეძლებათ.