მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რობინ დანიგანის თქმით, სიცრუეა რომ თითქოს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესა

სს
04.10.24 23:52
521

აშშ-ის ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის თქმით, სიცრუეა, რომ თითქოს აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას - ის ძალიან სწრაფად გამოეხმაურა თქვენი საელჩოს ერთ-ერთ ფეისბუკის „ქარდს“, რომელიც შეეხებოდა მის საქმეს „კრედიტ სუისთან“, რაც ძალიან უჩვეულოა - ის პირადად ძალიან იშვიათად რეაგირებს ასე სწრაფად ვინმეს განცხადებაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ის ასეთი სწრაფი თავის პასუხში? რა ადარდებს მას? შეხვედრიხართ ოდესმე?

- არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს. მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში და მან უარი განაცხადა ყველა შეხვედრაზე. ვფიქრობ, პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. და მინდა ვთქვა და ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის.

ვიცი, იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ეს გავაკეთეთ, თავად მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ მის მიმართ არის დე ფაქტო სანქციები, რაც არ არის სიმართლე.

მას აქვს საკუთარ ფულთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები „კრედიტ სუისთან“ და როგორც ჩვენი საელჩოს პოსტში განვაცხადეთ, ის საქმეები განიხილება სასამართლოებში, ბერმუდასა და სინგაპურში და არა აშშ-ის მთავრობასთან. მისი საერთაშორისო ადვოკატები იმის თაობაზე არ დავობენ, რომ ჩვენ მას [ივანიშვილს] დე ფაქტო სანქციები დავუწესეთ. ასე რომ, ეს უბრალოდ არ არის სიმართლე. არ ვიცი რატომ შეიძლება საკუთარ ფულზე რაღაც აღქმის გამო, ჩვენთან გულწრფელ, პირდაპირ საუბარზე უარს აცხადებდეს პარტიის საპატიო ლიდერი და თავმჯდომარე თუ, მრავალი თვალსაზრისით, ამ მთავრობის ლიდერი - საქართველოს პარტნიორებთან, რომლებსაც 32 წლის განმავლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გარდა არაფერი უკეთებიათ.

- შეგიძლიათ რაიმე გვითხრათ - დაადასტუროთ ან უარყოთ „ამერიკის ხმის“ ინფორმაცია, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პროექტი უკვე მომზადებულია?

- ვფიქრობ, იცით, რომ ჩვენ არასდროს ვაანონსებთ სანქციებს. ასე რომ, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ამ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ჩვენ ვაპირებთ სანქციების დაწესებას. თუმცა, გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც.

- რისი თქმა შეგიძლიათ აშშ-ის მთავრობასთან ივანიშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ კომუნიკაციაზე ან კომუნიკაციის მცდელობაზე მის პირად უსაფრთხოებაზე, მომავალზე ან რაიმე სხვა საკითხზე სავაჭროდ? ვრცელდებოდა მსგავსი ინფორმაცია და განცხადებებიც.

- ვერ დავიჩემებ, რომ მესმის ბატონი ივანიშვილის რომელიმე კომუნიკაციის უკან რა მოტივია. ჩვეულებრივ, ძალიან არ ვისურვებდი ლაპარაკს პირად კომუნიკაციაზე, თუმცა მან თავად წამოსწია ამ კომუნიკაციის თემა თავის ბოლოდროინდელ განცხადებაში და მართალია - მას ჰქონდა ჩვენთან კომუნიკაცია და სამწუხაროდ, მართალია აგრეთვე ის, რომ იმ კომუნიკაციების დროს მან მკაფიოდ განმარტა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის ჩვენ არ გვხვდება, არის ის, რომ მისი პირადი ქონება ამ სასამართლო სარჩელებშია დაკავებული.

- „ჩვენ“-ში საელჩოს გულისხმობთ? იმიტომ გეკითხებით, რომ იყო ცნობები და ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ მან თავისი ერთ-ერთი მინისტრი - უშიშროების სამსახურის უფროსი გაგზავნა აშშ-ში გარკვეული გზავნილების გადასაცემად.

- ეს თქვენს წინა კითხვას უბრუნდება, გვაქვს თუ არა ღია კომუნიკაცია მთავრობასთან. და კი, ჩვენ გვაქვს, სხვადასხვა სამინისტროს მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრთან. არ მინდა, რომ ეს შეწყდეს. მინდა, გვქონდეს ღია კომუნიკაცია ამ მთავრობასთან. ამიტომაც მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, ამიტომაც იყო იქ არაერთი მინისტრი. საქართველო ვაშინგტონის ნატოს სამიტზეც მივიწვიეთ მივიწვიეთ ივლისში. ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით, რომ ჩვენ...

- ... რომ თქვენ თითქოს ოპოზიციას დაეხმარეთ ამ სანქციებით - ეს იყო ერთ-ერთი განცხადება.

- ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი მოქმედებების დრო. ჩვენი ქმედებები არის ძალიან კარგად აწონილ-დაწონილი, საპასუხოდ... მაგალითად, ოთხი სანქცია, რომელიც ჩვენ დავაწესეთ ინდივიდებზე, ეს იყო უკიდურესად მიზანმიმართული სანქციები იმ პირებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი, რომლებზეც გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩართულები იყვნენ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში ან დეზინფორმაციაში. და, ამ სანქციების დაწესების დრო დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის იყო ჩადენილი ეს ქმედებები და რამდენი დრო დაგვჭირდა სანქციების მოსამზადებლად. ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ეს დრო საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ყოფილიყო. სანქციების დრო აირჩიეს მათ, ვინც ეს ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ - არა.

- ასე რომ, შეიძლება, შემდგომი სანქციები დაწესდეს არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. ამას ამბობთ.

- დიახ, ამას ვამბობ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები