თვითმართვადი ტაქსების ტექნოლოგიაზე მომუშავე ჩინური კომპანიის, Pony AI-ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტება, რაც მიანიშნებს, რომ ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინვესტორების ინტერესი მომძლავრებულია, ხოლო მარეგულირებელთა მხრიდან არსებული წნეხი - შემცირდა. კომპანიის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, PONY-ის ტიკერით დაილისტება, რისთვისაც კომპანიამ შესაბამის მარეგულირებელს უკვე მიმართა.
ჩინური Pony AI ერთ-ერთი საინტერესო სტარტაპია, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების სფეროში ოპერირებს. ამასთან, ის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, იაპონური Toyota-ს შვილობილია. ამ დროისთვის, Toyota სტარტაპის 13.4%-იან წილს ფლობს, ხოლო თავად კომპანიამ წლის პირველ ნახევარში შემოსავალი გააორმაგა და $24.7 მილიონი დააგენერირა. Pony AI, ამ დროისთვის, წაგებაზე მუშაობს, რომელმაც $51.3 მილიონი შეადგინა და ამ მხრივ, კლების ტენდენცია შეინიშნება. კომპანიას 250 თვითმართვადი ტაქსი ჰყავს, რომელთაც, კუმულაციურად, 33.5 მილიონი კილომეტრი გაიარეს, მათ შორის დიდი ნაწილი ადამიანი მძღოლის გარეშე.
ორი წლის წინ, Pony AI $8.5 მილიარდად იყო შეფასებული, მაგრამ IPO-ს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო წლებში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ჩინური კომპანიების აქციების განთავსების ტენდენცია შემცირებულია. მას შემდეგ, მაისში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ავტომწარმოებელი კომპანია Zeekr-ი გამოჩნდა, ხოლო მალე, ამ ჩამონათვალს Pony AI-იც შეუერთდება.