ავტოპილოტით აღჭურვილი რობოტაქსის შექმნის მიზნით, ამერიკულმა Uber-მა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Baidu-სთან დაიწყო თანამშრომლობა.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საერთშორისო ბაზრებზე Uber-ის საკუთრებაში არსებულ რობოტაქსებში Baidu-ს მიერ შექმნილ Apollo Go-ს ვიხილავთ, რომელიც ახალი თაობის AI-ავტოპილოტია.
საწყის ეტაპზე, Uber-ის რობოტაქსის სერვისი ახლო აღმოსავლეთში და აზიის რეგიონში ჩაეშვება, თუმცა მოგვიანებით ის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. საწყის წერტილად დუბაი განიხილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ გახსნილია და რობოტაქსის სერვისით დაინტერესებულია.
ამ შემთხვევაში, თანამშრომლობის მიზანი მარტივია - Uber-ს ყველაზე დიდი საოპერაციო დანახარჯის - მძღოლების ანაზღაურების ჩანაცვლება სურს, ხოლო Baidu-ს რაც შეიძლება მეტ ავტომობილში უნდა თავისი ავტოპილოტის ჩაყენება, რაც ორივე კომპანიისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტაქსის სერვისზე საუბრისას უმეტესად Tesla გვახსენდება, ფაქტია, რომ ბაზარზე არაერთი კონკურენტია, რომელთაც ავტოპილოტის ტექნოლოგიის განვითარება და ამით სარგებლის მიღება სურთ.
რაც შეეხება უშუალოდ Baidu Apollo Go-ს, ამ პროგრამის ფარგლებში, უკვე შესრულდა 11 მილიონზე მეტი მგზავრობა 15 ქალაქის მასშტაბით და ავტოპილოტის ეფექტიანობის მაჩვენებელი შთამბეჭდავია, რაც სერვისით Uber-ის და სხვა მსხვილი კომპანიების დაინტერესებას იწვევს.




























